რეზონანსი
(28.12.2022)

ჩემთვის ცოტა უცნაური იყო, როდესაც წლევანდელ საახალწლო სლოგანს "მშვიდობის ქალაქი" არაერთი სპეკულაცია მოჰყვა. ეს გაუგებართან ერთად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. სასაცილოც კი არაა არგუმენტი, თითქოს, წლევანდელი სლოგანი ნიშნის მოგების პრინციპით, ვინმეს ჯინაზე იყო შერჩეული. ამ თემაზე სერიოზულად საუბარი უბრალოდ წარმოუდგენელია - არ ვიკადრებ, არც თქვენ არ გაკადრებთ. მაგრამ მშვიდობას რა ფასი აქვს ყველაზე უკეთ ეს ჩვენმა მეგობარმა უკრაინელმა ხალხმა იცის. ამიტომაც ამ ახალ წელს სწორედ მშვიდობას და მშვიდობასთან ერთად გამარჯვებას ვუსურვებ თავისუფლებისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს. მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქალაქს. უკრაინელებთან ერთად საქართველოს მოქალაქეები ვართ ის ადამიანები, ვინც ძალიან კარგად ვიცით მშვიდობის ფასი და სამწუხაროდ, ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როცა შენს ქვეყანაში ომია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გაუგებარია, რატომ მოხვდათ სიტყვა "მშვიდობა" გულზე ასე მწარედ ოპონენტებს და რატომ ებრძოდნენ და ებრძვიან ამ სლოგანს. თუმცა, თუკი ოპონენტების პოლიტიკური ანგაჟირების მიმართულებას, ხარისხს და ვიწროპარტიულ ინტერესებს გავითავლისწინებთ, ყველაფერი ნათელი და აშკარა ხდება.

განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოში ანგარიშის წარდგენისას.

29 ნოემბერს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ახალი საახალწლო სლოგანი "მშვიდობის ქალაქი" იქნებოდა. თავისუფლების მოედანზე სლოგანის შესაბამისი განათება დამონტაჟდა. 9 დეკემბერს მოქალაქეებმა გააპროტესტეს საახალწლო სლოგანი "მშვიდობის ქალაქი" და თავისუფლების მოედანზე მიიტანეს წარწერა - "გმირების ქვეყანა, სოლიდარობის ქალაქი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე