რეზონანსი
(23.12.2022)

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცახდებით, „ნაცმოძრაობის" პროპაგანდისტურ აქტივობებში გიორგი მარგველაშვილის აქტიური ჩართვა სწორი არ არის.

გია ვოლსკი გამოეხმაურა ყოფილი თანამდებობის პირების მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა გამოაქვეყნა.

მისივე თქმით, დესტაბილიზაციის მიმართულებით „ნაციონალური მოძრაობის" ძალისხმევა გრძელდება.

„გიორგი მარგველაშვილი გამორჩეულია მისი ყოველდღიურობით და განვლილი ცხოვრებით. „ნაცმოძრაობის" პროპაგანდისტურ აქტივობებში მისი აქტიური ჩართვა სწორი არ არის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანის, რომელიც პოლიტიკურ თამაშებს ამჯობინებს იმ რეალობას, რომელიც შექმნილია და რომლის წინაშეც საქართველო დააყენა რადიკალური ოპოზიციის ქმედებებმა.

რასაკვირველია, მათ დესტაბილიზაციის ძალა, რესურსი არ აქვთ, მაგრამ დესტაბილიზაციის მიმართულებით მათი ძალისხმევა გრძელდება, მათ შორისაა მარგველაშვილიც, თუმცა მას დიდი წონა და მნიშვნელობა არ აქვს. სამწუხაროდ, გიორგი მარგველაშვილს საზოგადოება სერიოზულად არ აღიქვამს. ამავე სიაშია დავით კეზერაშვილი, რომელიც გაუგონარი სცენარით გამდიდრებული ადამიანია, ძირითადად ქართული ჯარის ხარჯზე. პრაგმატიზმის გარდა, ეს განცხადება მორალურ სტანდარტებს ეხება და აქაც მარგველაშვილს გამოცდა ჩაუბარებელია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე