რეზონანსი
(22.12.2022)

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის პოზიცია მიმართულია იქითკენ, რომ სააკაშვილის დიაგნოზის სიზუსტე კი არ დადგინდეს, არამედ „ხინჯი მოუძებნონ" საექსპერტო დასკვნას და თქვან, რომ სიმულაციაა.

როგორც ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საკითხზე გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა მთავარი საკითხი ისაა, რომ აღნიშნულ საქმეზე პროცესები ყოველდღიურად ჩატარდეს.

„სასამართლოზე გამოცხადდა ბატონი გოლდსმიტი, ამერიკელი ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა დასკვნაში გაცემული დიაგნოზი - დაუზუსტებელი დემენცია. მეორე მხარის პოზიცია მიმართული იმისკენ კი არ იყო, გარკვეულიყო ამ დიაგნოზის სიზუსტე, რათა შემდეგ ქმედითი ღონისძიება გატარდეს, არამედ იყო უსუსური მცდელობა, რამენაირად ხინჯი მოეძებნათ საექსპერტო დასკვნისთვის და ეთქვათ, რომ ეს იყო სიმულაცია. მთავარი თავსატეხი არის ის, როგორ მოვახერხოთ, რომ ეს პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს და ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ. ვთქვით, რომ გარკვეული მოწმეები შეიძლება მოგვეხსნა, მეორე მხარე კი მოვიდა და ბადრაგები, ლამის დამლაგებლები და ვინ არ ჩაწერეს. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ პროცესი ხელოვნურად გააჭიანურონ", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ხაჭაპურიძემ ასევე უპასუხა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმულ კითხვას.

„ნუთუ მივედით იმ მდგომარეობამდე ერი, რომ სამართლის მაგივრად უნდა ვეძებდეთ ვენდეტას და შურისძიების გაუგონარ ფაქტს. დიდი იურისტობა და ექიმობა არაა საჭირო - ხომ ვნახეთ 1-ელ ოქტომბერს დაკავების კადრები, ასევე ვნახეთ დღეს რა მდგომარეობაშია - ეტყობა რაიმე განკურნების, გამოჯანმრთელების? მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია?", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე