რეზონანსი
(20.12.2022)

რანაირად უნდა დაიჯერო, რომ ზელენსკიმ წინასწარ იცოდა, რომ ომი იქნებოდა და ამიტომ გამოუშვა მიშა, რომ მას „მეორე ფრონტი" გაეხსნა და ორივეს ერთად შეეტია რუსეთისთვის - ძალიან არასერიოზულია ამაზე საუბარი , - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში" განაცხადა.

მისი თქმით, „ოცნების" „ნარატივი ლოგიკისგან შორსაა".

„საბჭოთა პერიოდში კონსპირაციები ჩვეულებრივი რამ იყო, რომელსაც ყიდდნენ, ხოლო საბჭოთა კავშირის მოქალაქეები ყიდულობდნენ. სამწუხაროა, რომ დღესაც ამ კონსპირაციებს ყიდიან საკუთარ მოქალაქეებზე", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას, აქუბარდია ამბობს, რომ გასაკვირი არაა, რომ უკრაინის პრეზიდენტი საკუთარი მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

„მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ზელენსკი ზრუნავს საკუთარ მოქალაქეზე, რომელიც მისი გუნდის მრჩეველი იყო, უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობას იკავებდა და ყოფილი პრეზიდენტია. მათ ჰქონდათ საერთო ომი რუსეთთან. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ეხმაურება მისი მოქალაქის, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას, რომლის კადრები უკანონოდ, ძალიან ღირსებისშემლახველად გაავრცელა იუსტიციის სამინისტრომ. ესაა და ეს და არა სხვა ბოდვა, რასაც ვისმენთ",- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე