რეზონანსი
(20.12.2022)

ავტომობილი, რომელიც მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა, კურიერმა გადაიღო. გამოძიების ინფორმაციით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, საკუთარი სახლიდან გატანილ ოქროს და ფულს მამის მანქანაში მალავდა, ამ გზით კი, ყაჩაღობის ინსცენირებას ცდილობდა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა მშობლების მკვლელობის შემდეგ, ბინაში ცეცხლი გააჩინა და ტერიტორია აღნიშნული ავტომობილით დატოვა. ნივთმტკიცება მოსამართლემ ბრალდებულის თანდასწრებით დაათვალიერა.

პროცესზე პროკურორებმა ავტომობილიდან ამოღებული დიდი ოდენობით თანხა და ოქროც მიიტანეს. გაირკვა, რომ სოლიდური თანხა სამართალდამცველებმა დამწვარი ბინიდანაც ამოიღეს. საუბარია კიდევ 50 ათასი დოლარზე, რომელიც დამნაშავემ სახლში ვერ იპოვა. მტკიცებულებები მოსამართლემ გამოიკვლია.

პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა. შემდეგი ეტაპი ბრალდებულის დაკითხვაა. გაირკვა რომ 8-თვიან დუმილს გიორგი ბეროზაშვილი 2 დღეში, სასამართლო სხდომაზე დაარღვევს. გამოძიების ეტაპზე მას მხოლოდ ერთი, აღიარებითი ჩვენება აქვს მიცემული, რაც მალევე უარყო და დუმილით შეცვალა.

პროკურორი დარწმუნებულია, რომ მშობლები გიორგი ბეროზაშვილმა ოჯახური კონფლიქტის მოტივით მოკლა, რაც მტკიცებულებებით დასტურდება.

შემზარავი ფაქტი ვაზისუბანში 8 თვის წინ მოხდა. ცეცხლწაკიდებულ ბინაში ორი ცხედარი აღმოაჩინეს. მამაკაცის გვამი მთლიანად დამწვარი იყო. გარდაცვლილ ქალს კი ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში ჰქონდა. სამართალდამცველებმა რამდენიმე საათში ყაჩაღობის ინსცენირების და მშობლების განზრახ, უმწეო მდგომარეობაში მკვლელობისთვის, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილი დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას მაქსიმალურ სასჯელად უვადო პატიმრობა ემუქრება.

წყარო: "რუსთავი 2"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე