რეზონანსი
(17.12.2022)

ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ხმაურია. ერთ საათზე მეტია, ნიკა მელია პარტიულ აქტივთან შეხვედრის დაწყებას ვერ ახერხებს. ხმაური ოფისთან ნიკა მელიას გამოჩენისთანავე დაიწყო. ერთ-ერთმა აქტივისტმა მას მიხეილ სააკაშვილისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

აქტივისტი ამბობს, რომ მელია უმოქმედოდაა და მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად არაფერს აკეთებს. აქტივისტს ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები დაუპირისპირდნენ და მას შეხვედრაზე დასწრების საშუალებას არ აძლევენ.

ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის შეფასებით, აქტივისტი ქართული ოცნების თამაშს თამაშობს და მომხდარი არის პროვოკაცია.

„ერთმა ადამიანმა სცადა, შეხვედრის ჩაშლა, ყველა ხედავთ, რა ბრძოლაში ვართ შესული. „ქართული ოცნების" საქმეს ზოგი შეგნებით, ზოგი კი, შეუგნებლად აკეთებს. ეცადნენ, ნიკა მელიას ბათუმის შეხვედრის ჩაშლას",- განაცხადა კირთაძემ.

ნიკა მელიასთან შეხვედრა აჭარის ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვა, თუმცა ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე