რეზონანსი
(15.12.2022)

პროცესი მიდის იქ, რომ საქართველო კიდევ უფრო შორდება დასავლურ დემოკრატიულ სამყაროს. კიდევ უფრო მცირდება შანსი იმისა, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში" პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გამოქვეყნებაზე საუბრისას განაცხადა.

ნიკა ჩიტაძის თქმით, განცხადებები, რომელიც ხელისუფლების მხრიდან კეთდება სააკაშვილთან დაკავშირებით, გაგრძელებაა იმ ტყუილებისა, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე დაიწყო.

„ფაქტია, რომ ხელისუფლებას ბევრი რამე არ დაეჯერება. ამიტომაც მგონია, რომ განცხადებები, რომელიც ხელისუფლების მხრიდან კეთდება სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი თვითონ ავრცელებს დეზინფორმაციას და ა.შ. არის გაგრძელება იმ ტყუილებისა, რომელიც ხელისუფლებამ დაიწყო ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე. იყო ტყუილი დაპირებები, შემდეგ ბევრი ტყუილი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და დღესაც ძალიან ბევრი ტყუილია. დავინახეთ, რომ ყველაფრის მკადრებელია ხელისუფლება, ამიტომაც ის, რომ დღეს ხელისუფლება აცხადებს, რომ სააკაშვილის უფლებები არ ირღვევა, ამაში ექსტრაორდინარულს ვერაფერს ვერ ვხედავ, მოსალოდნელი იყო, რომ ამ განცხადებებს გააკეთებდნენ.

ალბათ, აღშფოთდნენ ძალიან, როგორ ესვრის მიშა მედიკოსებს რაღაცებს, თუმცა არ აღშფოთდნენ, როცა ახალგაზრდა ადამიანს თვალები დათხარეს 2019 წლის 20 ივნისს და რეზინის ტყვიები დაუშინეს, ეს იყო ნამდვილი სროლა, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. როდესაც საუბრობენ, რომ ვინმე რამეს ისვრის, თავის თავს უნდა მოჰკითხონ პირველ რიგში. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ გუშინ თურმე ვერ მოხდა ტექნიკური უზრუნველყოფა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩართულიყო სასამართლო სხდომაზე. ესე იგი ხელისუფლებას არ აწყობს მისი გამოჩენა საზოგადოების წინაშე, მისი განცხადებები და ა.შ.", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე