რეზონანსი
(15.12.2022)

შესაბამის საერთაშორისო ფორმატებში გრძელდებოდა საქართველოს ყველა შესაბამისი უწყების კონსოლიდირებული და ინტენსიური ძალისხმევა, ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან და ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე მუდმივად, მთელი სიმწვავით განიხილებოდა საქართველოს დელეგაციის მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი მეორე სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახლედიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.

„ამასთან, საქართველოს დელეგაცია მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებდა ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ასევე, მონაწილეობას იღებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში ერგნეთში, სადაც რეგულარულად განიხილება ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის და უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლების საკითხები; პარალელურად, გრძელდებოდა ძალისხმევა გალის IPRM-ის განახლების მიმართულებით, რომელიც საოკუპაციო ძალის დესტრუქციული პოზიციის გამო უკვე 4 წელზე მეტია, რაც შეწყვეტილია.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობის და მიმდინარე პროცესების მიუხედავად, რაც უკიდურესად ართულებს შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკისა და სამშვიდობო ინიციატივების ეფექტიან განხორციელებას, ურყევად განვაგრძობთ ჩვენს დეპოლიტიზებულ, ადამიანზე ორიენტირებულ, შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევას", - განაცხადა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე