რეზონანსი
(15.12.2022)

კადრების გავრცელება იყო არაადამიანური ნაბიჯი, სიმდაბლე ჰქვია ამას და ეს სჭირს ახლა „ქართულ ოცნებას", შემაძრწუნებელი იყო ჩემთვის - ამ კადრებზე როგორ უნდა იქილიკო, ადრე ჩირგვიდან თავის გამოყოფას რომ ვერ ბედავდნენ, რომ რამე ეთქვათ სააკაშვილზე, ახლა დგანან და გულს იფხანენ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კადრებში ჩანდა დაუძლურებული ადამიანი და მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

"კადრების გავრცელება იყო არაადამიანური ნაბიჯი, ეს არის არაჰუმანური. შურისძიება მესმის და მივესალმები, როცა თანაბარ და შენს ტოლ მეტოქეზე იძიებ შურს, მაგრამ უკვე დამარცხებულ მეტოქეზე, იარაღაყრილზე, დატყვევებულ- დატუსაღებულზე, შურისძიება არ ჰქვია, სიმდაბლე ჰქვია და ეს სჭირს ახლა "ქართულ ოცნებას". შემაძრწუნებელი იყო ჩემთვის - ვიხილეთ ადამიანი, რომელიც ფიზიკურად დაუძლურებულია, განსაკუთრებით, დეკემბრის კადრებში ჩანდა ეს, რომელიც იქ ერთი- ორი იყო და ასევე ჩანდა ადამიანი, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები. ასეთი ადამიანი, მისი უძლურება ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, კი არ უნდა გამოაჭენო, არამედ სათანადო მკურნალობა უნდა ჩაუტარო, რადგან ეს ადამიანი არის ტუსაღი, პატიმრის ჯანმრთელობაზე, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება ყველა ვარიანტში და ხელისუფლებამ ნაცვლად იმისა, რომ ამაზე იზრუნოს, გამოაჭენა და ვიღაცების საქილიკო გახადა. ამ კადრებზე როგორ უნდა იქილიკო არ მესმის, როგორ უნდა იყო შინაგანად მოწყობილი ასე ადამიანი, რომ ეს კადრები ნახო და დაცინვა დაიწყო. თან მართლა ისეთი ხალხი ქილიკობს, ეს როგორ არ ვთქვა, მე რომ სააკაშვილს ვაკრიტიკებდი, ნახევარი "ქართული ოცნება" ტაშს უკრავდა და ჩემი ლანძღვით იყო დაკავებული, მეორე ნახევარს კიდევ პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული, ჩირგვიდან თავის გამოყოფას ვერ ბედავდა, რომ რამე ეთქვა სააკაშვილის წინააღმდეგ, ახლა დგანან და გულს იფხანენ, დაპატიმრებული კაცის დაცინვა რა ღირსებაა, არ ვიცი, არც ახლა შემომტრიალებია გული სააკაშვილზე, არც ახლა მიმაჩნია პოლიტპატიმრად და რაც ჩაიდინა მიმაჩნია, რომ პასუხი უნდა აგოს, მაგრამ ასე ადამიანს არ უნდა მოეპყრო და არც უძლურებაში მყოფს არ უნდა დასცინო,"- განაცხადა ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე