რეზონანსი
(15.12.2022)

თუ ამ ხელისუფლებას პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად სჭირდება მსხვერპლი, დაე, ეს მსხვერპლი მე ვიყო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, ანი წითლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობას იწყებს.

ანი წითლიძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებული არ არის, რისთვისაც ბოდიშს უხდის.

„მინდა პირველ რიგში საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში. ჩვენი მიზანი არ არის ცუდი ემოციებისგან თქვენი დატვირთვა. მინდა ბოდიში მოვუხადო პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ეს გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებული არ არის, მაგრამ არ შემიძლია ვუყურო პრეზიდენტ სააკაშვილის, ჩვენი თანამებრძოლის, ლიდერის და მეგობრის სიკვდილს ციხეში და არ გავაკეთო მაქსიმუმი იმისთვის, რომ პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადავარჩინო. თუ ამ ხელისუფლებას პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად სჭირდება მსხვერპლი, დაე, ეს მსხვერპლი მე ვიყო. ამიტომ, მე, ჩემს მეგობრებთან ერთად შიმშილობას ვიწყებ მანამ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილს არ ექნება შესაძლებლობა, რომ გადარჩეს",-განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე