რეზონანსი
(15.12.2022)

იმერეთი აგრომ მოხალისის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 5 დეკემბერს აღინიშნება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებს საჩუქრად მარადმწვანე კედრის ნერგები გადასცა. 

წითელი ჯვრის საზოგადოების საჩხერისა და ჭიათურის ფილიალებმა ორგანიზება გაუწია ღონისძიებას „სიცოცხლის ხე“, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული ნერგები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული, უგზო-უკვლოდ დაკარგული გმირების ოჯახის წევრების მონაწილეობით  დაირგო.

ღონისძიება გაიმართა უსახელოსა და რგანის საჯარო სკოლების ტერიტორიებზე და მათ ამ სკოლების მიერ აღზრდილი უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლების, მამუკა პაპიძის, ზვიად ცერცვაძისა და ჯონი თაბაგარის სახელები ეწოდა.

 „მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შანსი მონაწილეობა მიგვეღო საქმეში, რომელიც სამშობლოს ერთიანობისთვის მებრძოლი გმირების ხსოვნის უკვდავყოფას ემსახურება,“ - განაცხადა “იმერეთი აგროს” მმართველმა მენეჯერმა ცისანა ხარაზიშვილმა. 

აღნიშნულ ღონისძიებაში  ცისანა ხარაზიშვილთან ერთად  მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საჩხერის ფილიალის მენეჯერმა ქეთევან ფალავანდიშვილმა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ჭიათურის ფილიალის მენეჯერმა თეა ასანიძემ და სოციალური სფეროს  სპეციალისტმა მანანა გამეზარდაშვილმა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ბერეთისაში მანანა პაპიძემ, რგანის ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენელმა იმედა ხვედელიძემ, რგანისა და უსახელოს სკოლის დირექტორებმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე