რეზონანსი
(15.12.2022)

„გენდერული თანასწორობა წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტს, წარმოადგენს ჩვენი საზოგადოების პრიორიტეტს. ჩვენ ვხედავთ, ასევე, იმ გამოწვევებს და ბარიერებს, რასაც ქალები პოლიტიკურ ასპარეზზე, პოლიტიკურ ცხოვრებაში აწყდებიან და ამ ბარიერების აღმოფხვრას ჩვენს საერთო პასუხისმგებლობად მივიჩნევთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ გენდერული თანასწორობის საკითხებზე გამართულ ეროვნულ კონფერენციაზე.

როგორც მან აღნიშნა, შეუძლებელია დემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს შენება ამ პროცესში მოსახლეობის უმრავლესობის - ქალებისა და გოგოების ჩართულობის გარეშე. „ამ მიმართულებით რეფორმების გაძლიერება არასოდეს ყოფილა ისეთი საჩქარო და აუცილებელი, როგორც არის დღეს, როდესაც გენდერული თანასწორობის გაძლიერება ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაწესებული 12 რეკომენდაციიდან გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი.

საქართველოს პარლამენტი, რა თქმა უნდა, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ყველაფერს, რათა მოლოდინები, რომელიც ჩვენგან აქვს ჩვენს თანამოქალაქეებს, რომელიც ჩვენგან აქვთ პარტნიორებს, შესრულებული იყოს პასუხისმგებლობით და იმ საუკეთესო გამოცდილებით, რომელიც არსებობს ევროპაში. რა თქმა უნდა, საქართველოს სურვილიც და ამბიციაც გახლავთ, რომ ამ სფეროშიც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება იყოს ევროპული", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, ასევე, შვედეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს და შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა. ეროვნული კონფერენცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 - დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა გაეროს სააგენტოთა ჯგუფის მიერ და შვედეთის მხარდაჭერით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე