რეზონანსი
(15.12.2022)

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა For.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი საქმე აბსურდული იყო და ცოცხალი მოწმეც კი არ ჰყოლია, ზოგადად, საქმეს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ნებისმიერ რამეს მოიფიქრებდნენ, თუ გამიზნული იყო, რომ ეს ადამიანი ციხეში უნდა წასულიყო, მას ყველაფერს დააბრალებდნენ.

მისი თქმით, ყველასთან ჰქონდათ ერთნაირი მიდგომა - უნდა გადაეხადათ თანხა თავისუფლებისთვის.

„სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა თანხა სახელდებოდა. საბოლოოდ, ვუთხარი - 10 ლარსაც კი არ გადავიხდი, შეგიძლიათ დამტოვოთ. ნამდვილად მიმაჩნდა, რომ გადასახდელი არაფერი მქონდა. შემოთავაზებები და ეს საუბრები ხშირად იყო. მე დღე არავის დავუკითხივარ, ღამის 1-2 საათზე შემოდიოდნენ. უამრავი წიგნი მაქვს წაკითხული ბოლშევიკების პერიოდის ციხეებზე, იმ პერიოდის „გულაგზე" და უამრავი მწერალი წერდა საბჭოთა კავშირის საშინელ ბანაკებზე და ციხეებზე, რომლებიც იყო, მაგრამ მსგავსი დამოკიდებულება არსად წამიკითხავს. არავის დაუწერია მსგავსი, რაც ჩვენთან ციხეებში ხდებოდა. ქვეყანამ მოიცილა ეს რეჟიმი და სისასტიკე. ციხეებში მსგავსი ფაქტები აღარასდროს უნდა მოხდეს. როცა უცხოელები წერენ პენიტენციურ სისტემაში გამოსწორებული მდგომარეობაა და კარგი სიტუაცია, ძალიან კარგია. მე პატიმრები ისეთი ნაცემები მინახია, არა მგონია, სადმე ასე სცემდნენ - სიკვდილის პირას მიჰყავდათ" - ამბობს მირცხულავა.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ე.წ. „რეზბალნიცაზე" ყოფნის პერიოდს და „ციხის ბუნტს" იხსენებს.

როცა, ცუდად ყოფნის დროს, საავადმყოფოში გადამიყვანდნენ, შემდეგ იმავე წუთს, ჯანმრთელობის არავითარი დადებითი დინამიკა რომ არ გქონოდა, უკან გაბრუნებდნენ, როგორც მე, მაგალითად, მე-7 საპყრობილეში. სადღაც ერთი წელი იყო ასე და შემდეგ, სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანას მოსთხოვა, ჩემი პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში დაბრუნება. ასე დავბრუნდი ციხის საავადმყოფოში, თორემ მთელ პატიმრობის ვადას, ალბათ, მე-7 საპყრობილეში გამატარებინებდნენ.

მამა ბასილი და მოლაშვილი ერთ სართულზე იყვნენ, მე კი ქვედა სართულზე. მამა ბასილიც მუდმივი პროვოკაციების ქვეშ იყო. ვიმეორებ, ეს ეპიზოდები არ იყო. ყოველ დღე გრძელდებოდა, ყოველ საღამოს, დილაუთენია და ა.შ. მუდმივად ასე იყო.

სწორედ „რეზბალნიცაზე" დაიწყო, როცა ორი პატიმარი, ერთი ეპილეფსიით დაავადებული, ჩაიყვანეს და სასტიკად სცემეს, რადგან არ იყვნენ ადმინისტრაციის მიერ დადგმულ პროვოკაციას - არეულობის მოწყობას. იგეგმებოდა, რომ „დადგმულიყო" პატიმრებს შორის ვითომ დაპირისპირება. ეს არ გააკეთა პატიმარმა, რომელიც ეპილეფსიით იყო დაავადებული და ისე სცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს. შემდეგ მეორე ადამიანი გამოექომაგა და იმასაც გაუსწორდნენ. პატიმრების თვალწინ, ეზოში, დაყარეს და შემდეგ უგონოები ეზოდან გაათრიეს. აი, ამას მოჰყვა ბუნტი. აპირებდნენ, რომ ამ პროვოკაციის შედეგად მაქსიმალური რაოდენობის ხალხი დასჯილიყო და ასეც მოხდა. ჩვენი კორპუსი ქირურგიულ კორპუსად ითვლებოდა და კორიდორში ვერ გახვიდოდი, იმდენი დაჭრილი იყო იატაკზე. უბედურებმა, არც კი იცოდნენ, რა ხდებოდა. გვეკითხებოდნენ, რატომ გვესროლესო, არავინ იცოდა. ცენტრალურ ციხეში, ე.წ. „კარმუშკას" აღებდნენ, შიგნით იარაღს ყოფდნენ და ისე ესროდნენ. მძინარე ადამიანები არიან დახოცილები. მათ საერთოდ არ იცოდნენ, ბუნტი იყო, თუ რა მოხდა. გარკვეული პოლიტიკური ფიგურები, იმ დროინდელი ხელისუფლების ლიდერები, გამოდიოდნენ და იძახდნენ, ერთ-ერთ კორპუსს ტანკებს მივუშვერთ და ბუნტს ტანკებით ჩავახშობთო. ამ დროს, თითქოს, იქ ადამიანები არ იყვნენ" - ამბობს დავით მირცხულავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე