რეზონანსი
(12.12.2022)

მართლა ძალიან დამძიმებულია მდგომარეობა და მივმართავ „ქართული ოცნების" წევრებს, არ შეიძლება ასეთი მოქმედება, მივცეთ პრეზიდენტს ცხოვრების უფლება. ყველა ადამიანს აქვს ფუნდამენტური უფლება, იცოცხლოს და ნუ მოვკლავთ ადამიანს , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.

მისი თქმით, საკმარისია წრეზე სიარული, ახლა მოქმედებებია საჭირო და შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული.

„მე საქმის კურსში ვარ, რა წერია დიაგნოზებში, მაგრამ თავს შევიკავებ ამ ეტაპზე, რადგან თვითონ მიშას მიდგომაა, რომ ჯობია თვითონ ადვოკატებმა ილაპარაკონ, ჯგუფმა „ემპათიამ" ილაპარაკოს, ექიმებმა ილაპარაკონ. ჩვენ არსებული დიაგნოზები, რა თქმა უნდა, საფუძველს გვაძლევს, რომ გაითვალისწინოს ქართულმა მართლმსაჯულებამ და მისცეს მიშა სააკაშვილს ცხოვრების უფლება. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ორი დღე დარჩა და ეს პროცესი დაიძვრება და მართლა ყოველდღიურ რეჟიმში ველოდებით ოჯახი და საზოგადოება, რომ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, ვინაიდან, ჩვენ მართლა თვეების განმავლობაში წრეზე დავდივართ და ვლაპარაკობთ, რომ მიშა ცუდად არის და მერე თავიდან ვიწყებთ. კმარა ამ წრეზე სიარული, მოქმედებაა საჭირო. მოქმედებაში ვგულისხმობ იმას, რომ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული", - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

გიორგი სააკაშვილის მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერებს, რომ 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეიკრიბონ და ერთად უგულშემატკივრონ მიხეილს სააკაშვილს.

„ჩვენ ვისმენთ მსგავს განცხადებებს, რომ თურმე შეუძლია ჭამოს, მაგრამ არ ჭამს. არ ჭამს არა, ვერ ჭამს, მაგრამ არ ჭამაც და ვერ ჭამს ორივე პათოლოგია. ი.ი. პრობლემები აქვს ჯანმრთელობაზე. ფაქტი ჯიუტია, რომ მიშას მდგომარეობა არის მძიმე. მიშა ითხოვს შველას და შველა გამოიხატება მხოლოდ ერთ რამეში, რომ მიეცეს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება. მართლა აუცილებლად სიკვდილით უნდა დასრულდეს? - მაშინ დავაფასებთ მიშა სააკაშვილს, მერე დააფასებს ბევრად მეტი ქართველი მიხვდება, რომ მიშა სააკაშვილს მართლა მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა საქართველოს ისტორიაში და ნუ გავწირავთ. ჩემი თხოვნაა როგორც ძმის, როგორც საზოგადოების წევრის, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური მიმდინარეობისაა ადამიანი, რომელი პარტიის მიმდევარი, გამოხატეთ სოლიდარობა, შევიკრიბოთ სასამართლოს ეზოში და ვაჩვენოთ მმართველ პარტიას, რომ არ არის მიშა სააკაშვილი გადასაგდები, რომ სიკვდილ სიცოცხლის თემა იდგეს", - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

გიორგი სააკაშვილმა გადაცემაში გავრცელებულ ინფორმაციაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილმა კუჭის ოპერაცია გაიკეთა.

მისი თქმით, მსგავსი რამ შეიძლება ჩატარებულიყო წლების წინ და სააკაშვილის დღევანდელ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ეს შეიძლება ჩატარებული იყოს წლების წინ. ეს არანაირად არ არის კავშირში მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. გავიხსენოთ, ჩამოვიდა 118 კილო, შევიდა ციხეში ჯანმრთელი. როდესაც კუჭის დაპატარავება ხდება, არ უჭირთ მერე გადაადგილება და ჯანმრთელი ადამიანის შეხედულება აქვთ. არა ექიმურადაც რომ შევხედოთ, ნათლად დავინახავთ, რომ არ აქვს ჯანმრთელი ადამიანის შეხედულება. ამიტომ ნუ ავრცელებენ მსგავს რაღაცებს", - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე