რეზონანსი
(12.12.2022)

ფემიციდის უმძიმესი ფაქტი აჭარაში, ხელვაჩაურის სოფელ ქვედა სალიბაურში მოხდა. 61 წლის მამამთილმა, ლევან ბალაძემ 40 წლის რძალი, თამუნა ჯიქიძე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. მკვლელობამდე რძალსა და მამამთილს შორის კონფლიქტი მოხდა.

როგორც ირკვევა, ბალაძეების ოჯახში კონფლიქტები ხშირად იყო. ეს ამბავი თანასოფლებებმაც იცოდნენ. მართალია, დღეს ადგილობრივები დეტალებზე საუბარს ერიდებიან, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი იმასაც ამბობს, რომ ბრალდებულს მეზობლებთანაც ჰქონდა კონფლიქტი.

ადგილობრივების ინფორმაციით, დამნაშავემ რძალს ზურგიდან მაშინ ესროლა, როცა ქალი ოთახში შედიოდა.

"ძალიან მძიმე, საშინელი ამბავია მომხდარი და ძალიან განვიცდით. მამამთილმა რძალს კონფლიქტის ნიადაგზე ესროლა სანადირო თოფიდან ტყვია. ორი შვილის დედა ადგილზე გარდაიცვალა.

წაკამათება და ჩხუბი რძალსა და მამამთილს შორის ხშირად ყოფილა, მაშინაც კი, როცა მოკლულის ქმარი საქართველოში იყო. ქმარი ერთი წელია, საზღვარგარეთ სამუშაოდაა წასული და დღეს ჩამოდის. ეს უმძიმესი ამბავი დახვდება. ამ სახლში ცხოვრობდა მოკლული გოგო ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად და ასევე იქ ცხოვრობდნენ მისი დედამთილი და მამამთილი.

ლევან ბალაძე, როცა სვამდა, ნერვიული ხდებოდა, მერე ერთმანეთს არ უთმობდნენ არაფერს და ჩხუბობდნენ. გუშინ მანდარინის დასაკრეფად მუშები ჰყოლია მოყვანილი ლევანს, ეტყობა, მერე მუშებს დაალევინა სასმელი და თვითონაც დალია. რძალი სახლში რომ დაბრუნებულა, შეკამათებულან. რატომ იკამათეს, არ ვიცი. ლევანის მეუღლე და შვილიშვილები სახლში იყვნენ, ალბათ, იმათ მეტი დეტალი ეცოდინებათ. ლევანის მეუღლე არ მინახავს, მას არ დავლაპარაკებივარ.

ახლა იქ ისეთი ამბავი ტრიალებს... თან გუშინ, მთელი დღე დაკითხვაზე ჰყავდათ. სოფელში ყველამ იცის, ლევანი სიმთვრალეში თავს რომ ვერ აკონტროლებდა, ამიტომ, ყველა ერიდებოდა. ამდენი სმისგან "ბელაია გარიაჩკაც" ჰქონდა, ამის გამო, ფსიქიატრიულშიც კი მკურნალობდა. ფხიზელი ჩვეულებრივად იყო.

როგორც ვიცი, ამ ბოლო დროს ხშირად არ სვამდა. გუშინ რაზე იჩხუბა რძალთან, არ ვიცი. ლევანი ძველი მონადირეა და კომუნისტების დროინდელი იარაღი ჰქონდა სახლში. თურმე ეს იარაღი აივანზე ჰქონდა დადებულები, ტურების გამო და იმ მომენტში აუღია. მათ შორის კონფლიქტი პირველი შემთხვევა არ იყო, ფიზიკურად რომ ეხებოდა რძალს, ეს არ გამიგია, მაგრამ სიტყვიერი ლანძღვა-გინება კი იყო.

ეს ამბავი რომ მოხდა, მუშები წასულები ყოფილან. რძალი მერე მოსულა სახლში.

ლევანს უთქვამს, რძალმა გამაღიზიანა და ვესროლეო. როგორც ვიცი, გოგოს ზურგიდან ესროლა. შემთხვევის ადგილზეც ვიყავი. ექსპერტიზა ჩაუტარდა მოკლულს, ამბობენ, ზურგიდან აქვს ნასროლიო. ეზოდან არის გოგო შესული თავის სახლში, დერეფნიდან სამზარეულოში შედიოდა და ამ დროს ესროლა. მოკლულის ბავშვები იმ მომენტში გვერდით ოთახში ტელევიზორს უყურებდნენ და ამ ტრაგედიას შეესწრნენ. გოგო ადგილზე გარდაიცვალა.

ამბობენ, მერე უკვე თავს იკლავდა დამნაშავეო...

მისმა ძმამ წაართვა თოფი, თურმე, და პოლიცია რომ მოვიდა, სახლში დახვდა. სახლიდან წაიყვანეს. ლევან ბალაძის ძმაც იქვე ცხოვრობს. ბალაძეები, ყველანი, ერთმანეთის ბიძაშვილები არიან და გვერდიგვერდ ცხოვრობენ. სროლის ხმაზე იქ შესულებს ეს უმძიმესი ფაქტი დახვდათ.

უთქვამს, შესაშინებლად ვესროლე, მოკვლა არ მინდოდაო. ძალიან მძიმე ამბავია მომხდარი. ვნახოთ, რა გაირკვევა გამოძიებით", - უთხრა "კვირის პალიტრას" ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

წყარო: „kvirispalitra.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე