რეზონანსი
(11.12.2022)

შირაქის აეროდრომი - დაახლოებით 800 ჰექტარზე გაშლილი საბჭოთა პერიოდის სტრატეგიული ობიექტი, საიდანაც საბრძოლო თვითმფრინავები პირდაპირ ავღანეთისკენ იღებდნენ გეზს. აეროდრომის პარალელურად აშენებული იყო სამხედრო ქალაქიც, სადაც საბჭოთა ოფიცრები, ინჟინერები ოჯახებით ცხოვრობდნენ. რა თქმა უნდა აეროდრომის ტერიტორიაზე ადგილობრივებიც იყვნენ დასაქმებული. თუმცა, იყო გასაიდუმლოებული მკაცრი დაცვის ზონაც, სადაც როგორც ამბობენ, ატომური ბომბის ქობინი ინახებოდა. დღეს აეროდრომი გაუქმებულია, თუმცა ძველი ანგარები ისევ ისე დგას.

უძველესი ტრაქტორი სოფელ ზემო ქედის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. გარშემო უამრავი სახნავ-სათესი მინდვრებია და გასული საუკუნის დასაწყისში ამ ტერიტორიაზე გადმოსახლებული მთიელები, მთლიანად სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში ჩაებნენ.

თუმცა, ამ ველზე 2014 წელს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ფაქტობრივად ისტორია შეცვალა. როგორც აღმოჩნდა, ეს ტერიტორია ბევრად უფრო ადრე იყო დასახლებული, ვიდრე ვარაუდობდნენ.

სოფელ ზემო ქედის ცხოვრება კი რადიკალურად შეიცვალა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც საბჭოთა მთავრობამ ასობით ჰექტარზე გაშლილი სამხედრო აეროდრომის და ასევე სამხედრო ქალაქის აშენება დაიწყო. საბოლოო გადაწყვეტილება 1950-იან წლებში მიიღეს და აეროდრომზე გამანადგურებელ-ბომბდამშენთა საავიაციო პოლკი განთავსდა. სოფლის ტერიტორიაზე სასწრაფოდ აშენდა სამხედრო ქალაქიც, სადაც ათასობით სამხედრო საკუთარ ოჯახებთან ერთად ჩამოვიდა. დღეს ეს სამხედრო დასახლება ფაქტობრივად მთლიანად დანგრეულია. ბოლო რუსმა ჯარისკაცმა სოფლის ტერიტორია 1993 წელს დატოვა.

სამხედრო ქალაქი დაინგრა, თუმცა სამხედრო აეროდრომი დღემდე არსებობს. აქედან თვითმფრინავი ძალიან დიდი ხანია არ აფრენილა, ბომბდამშენების ანგარებიც ცარიელია. რამდენიმე მათგანს ადგილობრივები ხორბლის და თივის შესანახად იყენებენ.

დღეს აეროდრომი ასე გამოიყურება: დაკეტილი ანგარები, დაშლილი თვითმფრინავი, თავმოტეხილი ძეგლი, რომელიც მფრინავ ჩკალოვს ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ სტალკერებისთვის და მიტოვებული ადგილების მოყვარულებისთვის ეს ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. მსგავს ობიექტებს ბევრ ქვეყანაში ტურისტულადაც იყენებენ.

წყარო: "rustavi2"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე