რეზონანსი
(10.12.2022)

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 74 წლისთავი აღინიშნება. ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტით, გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა ყველა ადამიანის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ სხვა ფუნდამენტური უფლებისადმი პატივისცემის საერთაშორისო ვალდებულება დაამკვიდრეს და განამტკიცეს თანასწორობის, თანაბარუფლებიანობისა და ღირსეული ცხოვრების პრინციპები, ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულობის მიუხედავად.

საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული, მრავალკულტურული და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობის პრინციპების ერთგული რჩება და სწორედ ამ პრინციპების დაცვასა და ცხოვრებაში გატარებას ისახავს მიზნად როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკა, რომლის უმთავრესი ღირებულება და პრიორიტეტი არის ადამიანი, მისი უფლებების პატივისცემა და თანაბარი შესაძლებლობების შექმნა.

ადამიანის უფლებების დაცვასთან ერთად, სახელმწიფო პოლიტიკა მიზნად ისახავს სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა მხარდაჭერას, რათა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს აქტიური მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და წვლილი შეიტანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. ამასთან, ადამიანის უფლებების დაცვა ითვალისწინებს მათზე ზრუნვას, მათი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას, ასევე უკეთესი მომავლის პერსპექტივის გაჩენას მაშინაც კი, როდესაც ქვეყნის ცალკეული რეგიონების ოკუპაციის გამო საქართველოს ხელისუფლება მოკლებულია ადგილზე წვდომის შესაძლებლობას.

დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად განსაზღვრავს, სამწუხაროდ, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა კვლავ ებრძვის უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგებს, საკუთარი ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ჩათვლით, რაც ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება.

საქართველოს მთავრობა იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტსა და საერთაშორისო მექანიზმს, რათა იზრუნოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებთან მცხოვრებ მოსახლეობაზე და სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების გზით ხელი შეუწყოს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისევე როგორც ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენისა და დიალოგის გაღრმავებას. სწორედ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობა, მათი უფლებები და ინტერესები უდევს საფუძვლად დეპოლიტიზებულ, სტატუს-ნეიტრალურ და ადამიანზე ორიენტირებულ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას. რეგიონში შექმნილი ურთულესი გამოწვევების ფონზე და ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარების პირობებში, საქართველოს მთავრობა განუხრელად განაგრძობს სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტიან და თანმიმდევრულ განხორციელებას, რაც კონფლიქტის მოგვარების უალტერნატივო გზას წარმოადგენს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი უერთდება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას და კიდევ ერთხელ ადასტურებს ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის აუცილებლობას, რაც ერთ-ერთი მთავარი საყრდენია დემოკრატიული წინსვლისა და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე