რეზონანსი
(06.12.2022)

ლატვიამ ტელეკომპანია "დოჟდს" მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა. გადაწყვეტილება ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ მიიღო.

ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა ივარს აბოლინსმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია "სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გამომდინარე".

მანამდე, "დოჟდმა" თქვა, რომ წაშალა გადაცემის ფრაგმენტი, სადაც წამყვანი რუსი სამხედროებისთვის "დახმარების" შესახებ საუბრობდა და კომპანიამ ეს წამყვანი სამსახურიდან გაუშვა.

ლატვიის მარეგულირებელმა "დოჟდი" 10 000 ევროთი დააჯარიმა რუკისთვის, რომელშიც ტელეარხმა ანექსირებული ყირიმის ტერიტორია რუსეთის შემადგენლობაში მონიშნა და რუსულ ჯართან მიმართებაში გამოიყენა სიტყვა "ჩვენი".

ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (VDD) დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია "დოჟდის" ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებიც აჩენდა ეჭვს, რომ ტელეარხი დახმარებას უწევდა რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედროებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე