რეზონანსი
(01.12.2022)

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით მისმა უფლებადამცველებმა სასამართლოს მიმართეს. ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოს აღნიშნული მოთხოვნით ცენტრ „ემპათიისა" და საერთაშორისო სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მომზადებული დასკვნის საფუძველზე მიმართეს. უფლებადამცველის განცხადებით, ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა პატიმრის გადაწყვეტილებით კონფიდენციალურია.

„დასკვნა მომზადებული ცენტრ „ემპათიის" მიერ, რომელშიც ცენტრ „ემპათიასთან" ერთად მონაწილეობდა საერთაშორისო სამედიცინო საექსპერტო კომისია. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, პატიმარს დაუდგინდა მძიმე დიაგნოზები, რომლებიც იძლევა იმის შესაძლებლობას და საფუძველს, რომ მიგვემართა სასამართლოსთვის სასჯელისგან გათავისუფლების და ალტერნატივის, სასჯელის გადავადების მოთხოვნით, რაც გაკეთდა კიდეც ამ დილით. ჩაბარდა დოკუმენტაცია თავისი მტკიცებულებებით. უახლოეს დღეებში, ვფიქრობ, სადღაც ერთი კვირის ინტერვალში ჩაინიშნება სასამართლო პროცესი და უკვე დაიწყება ჩვენი შუამდგომლობის განხილვა. წარმოუდგენელია ამ დასკვნის საფუძველზე სასამართლომ გვითხრას უარი. თავად დასკვნა მყარი მტკიცებულებაა, მაგრამ დასკვნასთან ერთად წარდგენილი არის დაცვის მხარის მიერ მოყვანილი უტყუარი მტკიცებულებები, ამის იგნორირება წარმოუდგენელია, ჩათვალეთ, სასიკვდილო განაჩენია. დიაგნოზებზე ვერ ვისაუბრებ, თავად პატიმარმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონფიდენციალურია, თუმცა შემდგომში ალბათ შეცვლის ამ პოზიციას", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე