რეზონანსი
(28.11.2022)

კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, რომ რომელიმე ორგანო, უნდა იყოს ხელისუფლების რომელიმე შტოს ნაწილი. სასამართლო ხელისუფლების, ან პარლამენტის შტოს ნაწილი ხომ ვერ იქნება ანტიკორუფციული სააგენტო, ამ შემთხვევაში, მოიაზრება მთავრობა, ანუ, აღმასრულებელი ხელისუფლება, რომლის ნაწილიც უნდა იყოს ასეთი ორგანო, მაგრამ დამოუკიდებლობის მაქსიმალური ხარისხი უნდა მიანიჭო, საიმისოდ, რომ მან იმოქმედოს თავისუფლად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ კანონპროექტის თაობაზე.

„ან კონსტიტუცია არ აქვთ წაკითხული, ან მხოლოდ პოპულიზმზე და ქვეყნის დაზიანებაზე აქვთ აქცენტი", - დასძენს მდინარაძე.

ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა. რადიკალური ოპოზიციიდან განხილვას არავინ დასწრებია. ოპოზიცია კანონპროექტის იმ ნაწილს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს პრემიერი ნიშნავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე