რეზონანსი
(22.11.2022)

თბილისელი მარი აბაკალია სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის მოქალაქემ არასრულწლოვანზე იძალადა და პოლიციის გამოძახების შემდეგ პროვოკაციის მოწყობა სცადა:

„ახლა მოვედით საპატრულო პოლიციის საგამოძიებოდან.

რამოდენიმე საათის წინ მე და დათუნა ვბრუნდებოდით სახლში რა დროსაც, სადარბაზოსთან უცბად დაგვეწია ორი პიროვნება, გოგო და ბიჭი. ბიჭმა სტაცა დათუნას ხელი, გაათრია, ძლიერად მოქაჩა მკლავში და უყვიროდა რუსულ ენაზე - „ჩემს მანქანას, როგორ შეაფურთხე, დროზე გამიწმინდე და ბოდიში მომიხადეო”. ამ რუსეთის მოქალაქე პიროვნებას, სახელად ნიკიტას, რომელიც არის დაახლოებით 25 წლის, გვერდით ახლდა საქართველოს მოქალაქე გოგონა, რომელიც დათუნაზე მიუთითებდა რომ შენს მანქანას შეაფურთხაო, რაც იყო სრული სისულელე. მათ მანქანას უბრალოდ ჩავუარეთ, რომელიც იდგა სადღაც ჩიხში და იყო რუსულ ნომრებზე, რუსეთის მოქალაქე კი საერთოდ არ მდგარა მანქანასთან, ამ ქართველმა გოგონამ არ ვიცი რატომ, ვერანაირად ვერ ვხვდები, წააქეზა თავისი რუსეთის მოქალაქე მეგობარი, რომელმაც გვდია დაახლოებით 150-200 მეტრი და ჩემს არასრულწლოვან შვილზე იძალადა. 

სიტუაცია ძალიან დაიძაბა, გამოვიძახე საპატრულო პოლიცია. როგორც კი გაიგო რომ პოლიციას ვიძახებდი რუსეთის მოქალაქემ რაღაც ჩაჩურჩულა ქართველ გოგოს, ეს გოგონა წავიდა და მობრუნდა ფოტოთი, სადაც მანქანას სავარაუდოდ თვითონ შეაფურთხა და მოიტანა ფოტო, ეკიპაჟის მოსვლისთანავე რუსეთის მოქალაქემ თქვა, რომ თავს გრძნობდა პოლიტიკურ ნიადაგზე სიძულვილის მსხვერპლად და თავს გრძნობდა დამცირებულად. ითხოვდა გამოძიების დაწყებას, ადგილზე ეკიპაჟთან ერთად მოვიდა მათი ათმეთაურიც, რომელმაც გულისყურით მოგვისმინა ორივე მხარეს. დაუკავშირდა საგამოძიებო სამსახურს, რის შემდეგადაც გადავედით კახეთის გზატკეცილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. დაიწყო გამოძიება, ოღონდ არა როგორც რუსეთის მოქალაქეს სურდა და დაგეგმა პოლიტიკური პროვოკაცია, არამედ მის წინააღმდეგ დაიწყო საპატრულო პოლიციამ გამოძიება ძალადობის მუხლით არასრულწლოვნის მიმართ. 

არ შემიძლია არ ავღნიშნო საპატრულო პოლიციის საგამოძიებს დამოკიდებულება და მიდგომა ჩემს და არასრულწლოვანი დათუნას მიმართ. მოუხსნეს მას ყველანაირი დაძაბულობა, მაქსიმალურად შეუქმნეს მშვიდი გარემო, გაგვარიდეს რუსი მოქალაქე თავის ქართველ მეგობარ გოგონასთან ერთად სხვა ოთახში, რომ ბავშვს ზედმეტად არ ენერვიულა, ხვალ დათუნა გადავა ექსპერტიზაზე.

მინდა საჯაროდ უღრმესი მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, როგორც ყოველთვის სხვა დეპარტამენტებისგან განსხვავებით ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხართ.

გამოძიება დაიწყო, ველოდებით შედეგებს!

ვერცერთი რუსეთის მოქალაქე ვერ იძალადებს საქართველოში ჩვენზე! ამის უფლებას არ მივცემთ!” - დაწერა მარი აბაკალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე