რეზონანსი
(15.11.2022)

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. გაიმართა მოლაპარაკება პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, ამ წუთებში, მთავრობის ადმინისტრაციაში მხარეები მედიისთვის ერთობლივ ბრიფინგს მართავენ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რეკომენდაციების შესრულების პროცესში ჩართული არ არის ოპოზიცია, რომლის გარეშეც პირველივე, დეპოლარიზაციის რეკომენდაციის შესრულება შეუძლებელია.

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ევროკომისიის შესაბამის სამსახურებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში. ისინი ჩვენ გვეხმარებიან, რომ საქართველომ მაქსიმალურად მოკლე დროში შეასრულოს 12-ვე რეკომენდაცია და არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დაგვრჩეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ 12-ვე რეკომენდაციას ძალიან მალე დავასრულებთ.

აქვე მინდა აღვნიშნო ბატონო კომისარო, თქვენ ამის შესახებ ინფორმაცია მოგაწოდეთ ჯერ კიდევ სექტემბერში, ბრიუსელში, რომ სამწუხაროდ ყველა აქტორი არ არის ჩართული ამ პროცესში. არ არის ჩართული ოპოზიცია, რომლის მთავარი მოვალეობაც არის პირველი რეკომენდაციის შესრულება, ეს არის დეპოლარიზაცია და ჩვენ ნათლად ავხსენით და განვმარტეთ, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია თუ არ იქნება მათი მხრიდან ანალოგიური მზაობა თანამშრომლობის. მას შემდეგ, რაც 12 რეკომენდაცია გადმოგვეცა, სულ რაღაც ერთ კვირაში პარლამენტი გამოვიდა რეკომენდაციით, წარადგინეს საკუთარი გეგმა, თუ როგორ ვასრულებთ ჩვენ, მმართველი ძალა, პარტია, პარლამენტი, ყველა ერთად ამ 12-ვე პრიორიტეტს. იქვე ჩვენ გავუხსენით კარი ყველა აქტორს, ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას, ვინც დაინტერესებულია ამ 12 რეკომენდაციის შესრულებით.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი კუთვნილება, მთავრობის. კანდიდატის სტატუსი არის ქვეყნის სტატუსი, შესაბამისად ეს ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩვენი კარი არის ღია ყველასთვის და მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველა აქტორს, რომ აუცილებელია მათი ჩართულობა ამ პროცესში," - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე