რეზონანსი
(14.11.2022)

"სიბიეს ჯგუფის" დამფუძნებელმა ხვიჩა მაქაცარიამ განაცხადა, რომ “თელასის” საკონტროლო პაკეტის შესყიდვისთვის "ინტერ რაოსთან" მოლაპარაკებებს მართავს. "სიბიეს ჯგუფის" საკუთრებაში უკვე არის “თელასის” და “თელმიკოს” 24.5%-იანი წილი, რომელიც ჯგუფმა 2020 წელს 32 მილიონ ლარად “საპარტნიორო ფონდის” მიერ გამართულ აუქციონზე შეიძინა.

„თელასის“ 25% წილის შეძენით, ჩვენი ჯგუფი სრულად შევიდა კომპანიაში და მის ყოველდღიურობაში ვმონაწილეობთ, ამ მხრივ ყოველმხრივი კომფორტია პარტნიორებს შორის, მაგრამ არ მინდა დავმალო ორი თემა, რაც კავშირშია „თელასის“ წილის ყიდვასთან. ვფიქრობ, პირველი მაინც ის არის, რომ ვეცდები აუცილებლად დავასრულო "თელასის" თემა…

„თელასსაც” ყიდვის განზრახვას ვადასტურებ და ვფიქრობ, დროის ამბავია „თელასი“, „თბილისი ენერჯის“ და „ბილაინის“ მსგავსად შეიძლება, რომ ქართული კომპანია გახდეს.

დღეს შემიძლია მხოლოდ დავადასტურო განზრახვა და ის, რომ პროცესი აუცილებლად იმ შედეგით დასრულდება, რაც გითხარით", - განაცხადა "ფორბს ჯორჯიასთან" ინტერვიუში მაქაცარიამ.

ფინანსური ანგარიშგების თანახმად, "თელასის" აქტივები 2021 წლის მდგომარეობით, 390 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიამ 2021 წელს 182 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება “თელმიკოს” მისი აქტივები 168 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო 2021 წელს კომპანიის შემოსავალი 326 მილიონი ლარი იყო.

კომპანიების საკონტროლო პაკეტს ამჟამად რუსეთის სახელმწიფო კომპანია "ინტერ რაო" ფლობს.

bm.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე