რეზონანსი
(14.11.2022)

მშვიდობა უკრაინაში შეიძლება დამყარდეს მხოლოდ უკრაინის პირობების გათვალისწინებით. სპეკულაციები ამ საკითხებზე არ არის ჯანსაღი, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. მისი თქმით, ლიეტუვა მიესალმება უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შესახებ ევროკავშირის წინადადებას.

„უმნიშვნელოვანესია ევროპის პოზიცია და უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა. ლიეტუვა მოითხოვს სპეციალური ტრიბუნალის შექმნას. ეს იდეა წევრ ქვეყნებში განიხილება. ჩვენ ველოდებით ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ვინც ფიქრობს, რომ აღარ არის დარჩენილი მექანიზმები და პაკეტში შესატანი შეზღუდვები აღარ დაგვრჩა, მე მათ ვეტყოდი, რომ ლიეტუვამ წარმოადგინა ახალი წინადადებები და თან რამდენიმე კვირის წინ. ჩვენ ამ დრომდე ველოდებით პასუხს ევროპული ინსტიტუტებიდან და რეაგირებას. უკრაინა განაგრძობს საკუთარი ტერიტორიის დაცვას. ლიეტუვას სჯერა უკრაინის შესაძლებლობების. უკრაინის მხარდაჭერაა საჭირო გამარჯვებამდე და წარმატების მოპოვების შემდეგ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. რაც უფრო მეტ სამხედრო მარაგს გადავცემთ უკრაინას, მით უფრო სწრაფად დასრულდება ეს სასტიკი ომი. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირმა უკრაინას მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინული პარამეტრებით. ლიეტუვა მიესალმება ევროკავშირის წინადადებას უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შესახებ, რომელიც 18 მილიარდ ევროს შეადგენს", - განაცხადა ლანდსბერგისმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე