რეზონანსი
(14.11.2022)

კლინიკა „ვივამედის" დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს დამატებითი კვლევები „ვივამედის" ბაზაზე ჩაუტარდება.

როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, იმის გარკვევა, თუ რატომ აქვს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მაღალი ტემპერატურა, ერთ დღეში შეუძლებელია, ამიტომ პაციენტს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები ნახავენ.

„ის აუცილებელი კვლევები, რომლებიც იყო რეკომენდირებული, უკვე ჩატარდა. დღეს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები ნახავენ პაციენტს. თუ გამოიკვეთება, რომ გვჭირდება რაიმე დამატებითი კვლევა, ჩატარდება ეს კვლევები და შემდეგ შევაჯერებთ მიღებულ შედეგებს. ჩვენ, დაახლოებით, ასეთ პასუხებს ველოდებოდით. მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ცვლილებები არის, მაგრამ მათი სერიოზულობის ხარისხს მე ვერ შეგიფასებთ. ერთ დღეში არ დადგინდება ის, თუ რატომ აქვს მიხეილ სააკაშვილს მაღალი ტემპერატურა, ამიტომაცაა საჭირო კვლევები და ამდენი კონსულტაცია, რომ მიზეზები დადგინდეს.

საერთოდ, დაავადების შესახებ საუბარი არ არის საჯარო ინფორმაცია. შედეგების შესახებ მიმართეთ პენიტენციურ დაწესებულებას.

რა თქმა უნდა, ყველა კვლევა ჩატარდება "ვივამედის" ბაზაზე. ადრე გვქონდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც პაციენტი რესპუბლიკურში გადავიყვანეთ. ახლა ტექნიკური ხარვეზი არ გვაქვს, ამიტომ ყველაფერი კეთდება ადგილზე", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე