რეზონანსი
(14.11.2022)

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღესაც გადაიდო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 13:00 საათზე იყო ჩანიშნული.

თავად მიხეილ სააკაშვილი კვლავ კლინიკა „ვივამედშია" მოთავსებული. პენიტენციური დაწესებულებიდან გამოგზავნილი წერილის მიხედვით, სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სხდომაზე გამოცხადებაზე უარს აცხადებს, საქმე კი ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის ჩვენების მიცემის ეტაპია, შესაბამისად, სხდომა გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე