რეზონანსი
(14.11.2022)

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, ჯანეტ იელენის განცხადებით, შეერთებული შტატები ახალ სანქციებს დაუწესებს კერძო პირებისა და კომპანიების ტრანსნაციონალურ ქსელს, რომლებიც რუსეთის უკრაინაში ომისთვის სამხედრო ტექნოლოგიების შესყიდვაზე მუშაობენ.

„დიდი ოცეულის" სამიტზე, კუნძულ ბალიზე ჩასულმა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სანქციები დაუწესდება 14 ფიზიკურ პირსა და 28 კომპანიას, მათ შორის ფინანსურ ფასილიტატორებს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

„ეს არის ჩვენი დიდი ძალისხმევის ნაწილი, რუსეთმა მარცხი განიცადოს და ვერ მიიღოს მისთვის საჭირო აღჭურვილობა სანქციების და ექსპორტის კონტროლის გზით", - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მანვე იელენმა აღნიშნა, შეერთებული შტატები ფინანსური და ეკონომიკური დახმარების აღმოჩენის მიზნით, უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, უკრაინისთვის დამატებითი, 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების არასამხედრო დახმარება მოითხოვა. იელენის თქმით, კონგრესის თანხმობის მიღების შემდეგ, უწყება მის უკრაინაში გაგზავნას დაუყოვნებლივ დაიწყებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე