რეზონანსი
(12.11.2022)

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმდენი იძახა რევოლუცია, იმდენად მოწადინებული იყვნენ რევოლუციაზე, შემდეგ ვადამდელი არჩევნების თემატიკა გააქტიურეს, ბოლოს იქამდე მივიდნენ რომ რევოლუცია მოაწყვეს მათ პარტიაში და ვადამდელი არჩევნებიც დანიშნეს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ გუნდი და ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, აკეთებდა და გააკეთებს იმისთვის, რომ რადიკალურ ჯგუფებს არ მისცეს გასაქანი გავიდნენ სამართლებრივი სივრციდან.

რაც შეეხება მათ [„ნაციონალური მოძრაობა“] პარტიაში მიმდინარე პროცესებს, ეს უკვე მათი შიდა პოლიტიკური საკითხია. რაც არ უნდა დაგეგმონ, გადაგეგმონ, ვინც არ უნდა მოიყვანონ და ვინც არ უნდა გაუშვან „ქართული ოცნება“ იქნება ამ ქვეყანაში გარანტი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და ჩვენი საზოგადოების ინტერესების დაცვის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ფაქტია, რომ მათი შიდა პარტიული რევოლუცია და შიდა პარტიული ვადამდელი არჩევნები პოლიტიკის განვითარებას არ ემსახურება. მათ იმ ძველი სახეების, ვინც იყვნენ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის შემოქმედები, გააქტიურება სურთ და რატომ? იმიტომ რომ ეს ადამიანები გაწვრთნილნი არიან სიტუაციის „ადუღებაში“, რადიკალიზაციაში, ამიტომ მიდის გადანაწილება საკითხები ძალაუფლებისთვის, ფულისთვის, რომ მათი მხარდამჭერი ოლიგარქები ვინც არიან, მათგან მიიღონ დიდი თანხა, გადაინაწილონ ძალაუფლება და შემდეგ განავითარონ იმ ძველი მეთოდებით, როდესაც ისინი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდნენ“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ის პოლიტიკური პარტია, რომელიც რაიმე დემოკრატიულს შესთავაზებს საზოგადოებას და პოლარიზაციას შეამცირებს.

„პირიქით, ისინი დღეს არიან პოლიტიკურად გაკოტრებულები, მათ პოლიტიკური მოქმედების არეალი აქვთ შეზღუდული, რადგან ჩვენ, ყოველ ჯერზე მათ ვუპირისპირებთ სამართლებრივ სახელმწიფოს პრინციპს და მათ რევანშისტულ, რევოლუციურ ქმედებების ასრულების საშუალებას არ ვაძლევთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 22 ნოემბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის წესი უნდა მოამზადოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე