რეზონანსი
(11.11.2022)

იაპონიასა და კორეის რესპუბლიკაში ჩვენ შევხვდით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მათი მხრიდან იყო მკაფიო გზავნილები და კონკრეტული შედეგებით მივდივართ ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო დელეგაციის იაპონიასა და კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრები გაიმართა, ასევე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საქართველოს მშვიდობიანი განვითარება ქმნის ძალიან კარგ საინვესტიციო გარემოს, რაც, თავისთავად, ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლებლობაა.

„კონკრეტული შედეგები მიგვაქვს, რაც არის - დეოკუპაციის პოლიტიკის კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა. იცით, რომ რეზოლუციებზე იყო საუბარი და ვთხოვეთ კორეელ კოლეგებს, რომ უფრო მკაფიო და პირდაპირი იყოს მათი მხარდაჭერა და ამის დაპირება მივიღეთ. ასევე, დაიწყოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამ ქვეყანასთან, რადგან მიზნობრივი კვლევები ჩატარებულია და კონკრეტული პოზიტიური შედეგებია ამასთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით იგეგმება კორეის ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოში. ასევე, იგეგმება პირდაპირი ფრენების დანიშვნა საქართველოსა და კორეას შორის. საუბარი შედგა საქართველოში საელჩოს გახსნაზეც, დღეს მხოლოდ კორეის წარმომადგენლობაა საქართველოში. ჩვენ ვისაუბრეთ იმ გეგმაზე, რომლის შედეგიც უნდა იყოს, უახლოეს მომავალში, კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა საქართველოში", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე