რეზონანსი
(11.11.2022)

ორ გუნდად გაყოფილი "ნაციონალურ მოძრაობის" წევრები შიდა კონსულტაციებისთვის ემზადებიან. დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეხვედრა უახლოვეს მომავალში გაიმართება, სადაც გადაწყდება პოლიტიკური საბჭოს არჩევნების თარიღი. 

ისინი, ვინც პარტიის თავმჯდომარის გადარჩევა საჯაროდ მოითხოვეს, დარწმუნებული არიან, რომ ნიკა მელიას ბევრი ღირსეული კონკურენტი ეყოლება. რაც შეეხება არჩევნების ფორმას, ამას პარტიის პოლიტსაბჭო გადაწყვეტს.  მელიას მომხრეები და მოწინააღმდეგეები - "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ორ ბანაკად გაყოფილ პარტიაში, ამ ნიშნით ნაწილდებიან. ვისი გუნდი გამოვა ამ ბრძოლიდან გამარჯვებული, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. არჩევნები კი გადაწყვეტს მელია თავმჯდომარის პოსტს ვადის ამოწურვამდე დატოვებს თუ კიდევ ერთხელ მიიღებს პარტიის ხელმძღვანელის ლეგიტიმაციას. 

ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, რომელიც პარტიითავმჯდომარეობისთვის ბრძოლას აპირებს, ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილის დედასთან მჭდროდ დაკავშირებული პირი გიორგი ჩალაძეა. იგი ოჯახის დიდი ნდობით სარგებლობს. თავისი მიზნები მან დაუფარავად გაამხილა და საგანგებო მიმართვაც გამოაქვეყნა:

„მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა და ჩვენს ერთგულ, მებრძოლ, უღალატო ამომრჩეველთან ერთად  მივიყვანო ბრძოლა ბოლომდე, რომელიც დასრულდება მიშას გათავისუფლებით.

მე მჭირდება ყველა თქვენგანის დახმარება ამ საერთო მიზნის მისაღწევად. ხალხის ძალა, იდეის ერთგულება და სიმამაცე, ეს ყველაფერი  ერთად არის გამარჯვების ფორმულა.

ამიტომ მე დავაყენებ ჩემს კანდიდატურას არჩევნებში, რომელიც უნდა ჩატარდეს ჩვენს გაუტეხელ ამომრჩევლებს შორის აქ და ემიგრაციაში, იმ წესებით და პირობებით, რომელიც ხალხის ნებას უტყუარად ასახავს. მჯერა ამას უზრუნველყოფს პარტიის პოლიტსაბჭო.

დრო არ ითმენს. საჭიროა კოორდინირებული მოქმედება დაუყოვნებლივ როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ.  მიშა უნდა გათავისუფლდეს! 

ჩემთვის ეს არის პროექტი - თავისუფლება მიშას! მჯერა ამ საქმეში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, - დაწერა თავის გვერდზე ჩალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე