რეზონანსი
(10.11.2022)

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით ვხელმძღვანელობთ, - ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრი ზუარბ აზარაშვილი, მედიკამენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმას.

„ფარმაცევტულ სექტორს რაც შეეხება, განხილვების პროცესში ჩართულები იყვნენ, რამდენიმე კვირის წინ შეხვედრაც იყო, სადაც ყველა მოვიწვიეთ და დეტალურად გაიარეს საკითხი. შემდეგი შეხვედრებიც არის დაგეგმილი, სადაც აქტიურად ყველა კითხვას და ყველა შენიშვნას, რაც შეიძლება გამოთქვან, ძალიან დეტალურად გავაცნობთ და ეს არ არის ჩვენი შექმნილი ან მოგონილი პრაქტიკა, ეს არის მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დანერგილი და ამ საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით ვხელმძღვანელობთ დღეს ჩვენ და განვსაზღვრავთ იმ პრაქტიკის და იმ გამოცდილების, ცუდი თუ კარგი გამოცდილების მიხედვით.

ცუდის შემთხვევაში რასაკვირველია საუკეთესო პრაქტიკას ვირჩევთ და მივყვებით შესაბამისად ამ პროექტის განხორციელებას. რაც შეეხება რომელიმე დასახელების ან ბრენდის ბაზრიდან გასვლას, ეს ასე ნამდვილად არ იქნება და ძალიან მარტივია ამის ახსნაც, იმიტომ რომ ის ქვეყნები, ვთქვათ, ის ხუთი ქვეყანა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ რეფერენს ქვეყნებად, თავის მხრივ ის ქვეყნები დაახლოებით 25 ქვეყანას ირეფერენსებენ, ძირითადად ევროპულ ქვეყნებს, საიდანაც ასეთი ბრენდები, მაღალ ფასიანი ბრენდები შეიძლება შემოდიოდეს საქართველოში და ეს რისკი იყოს გასვლის და იქიდან გამომდინარე ვადგენთ ჩვენს მაქსიმალურ გასაყიდ ფასს.

როგორ წარმოგიდგენიათ თუ ის მედიკამენტები, ვთქვათ საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთში ან ხორვატიაში იყიდება, იქაც რეფერენტული ფასებით განსაზღვრულ ფასად, მაქსიმალურ ფასად, ანალოგიურ ფასს რომ საქართველოში გადმოვიტანთ, როგორ შეიძლება არ იყოს იმ ბრენდისთვის საინტერესო, ან გასვლა მოახერხოს. რასაკვირველია, დღევანდელი დაურეგულირებელი ბაზრის პირობებში, უფრო მეტი შესაძლებლობა და უფრო მეტი მარჟის აღების შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ რადგანაც ეს მარჟა ჩვენ გვინდა სამართლიან მარჟამდე შევამციროთ და ჩვენი მიზანი არ არის რასაკვირველია, არც ბრენდების გასვლა ან რომელიმე ბაზრის მოთამაშის გასვლა, ჩვენი მიზანია მოქალაქეები და სახელმწიფო როცა ახდენენ მედიკამენტების შეძენას, ეს ფასი იყოს სამართლიანი და არ გამომდინარეობდეს იქიდან, თუ რომელი უკეთეს მარკეტინგს გააკეთებს, ან ექიმის მოტივაციას რომელი უფრო უკეთესად შექმნის და აქედან გამომდინარე, ხელოვნურად შექმნილი დეფიციტით, ან ხელოვნურად გაზრდილი მოთხოვნით 3-ჯერ 4-ჯერ და 10-ჯერ უფრო ძვირად გაყიდონ მედიკამენტები."- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე