რეზონანსი
(10.11.2022)

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" გრძელდება. პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა გამართოს, რომელზეც გაირკვევა, ვინ იქნებიან თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატები და როდის ჩატარდება შიდა პარტიული არჩევნები.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამომრჩევლების ნების გათვალისწინებით იმოქმედებს.

"არ ვიცი ნიკა მელია ვის გულისხმობდა თავისი განცხადების უკან, ეს უნდა ჰკითხოთ ნიკა მელიას. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ამომრჩევლების შესაბამისად და ვმოქმედებთ ერთადერთი რამის გამო, რომ პარტია იყოს გაძლიერებულია. კარგია, რომ პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა თანხმობა ამასთან დაკავშირებით და ახლა უკვე დეტალებია შესათანხმებელი, რომელიც უნდა გადაწყვიტოს პოლიტიკურმა საბჭომ. როდის და რა ფორმით დაინიშნება ეს არჩევნები," - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

ამასთან, პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრის აკაკი მინაშვილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ბრიფინგი არა პარტიაში, არამედ მის გარეთ გაიმართა.

"გუშინ ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა ბრიფინგი პარტიაში კი არ ჩაატარეს, ჩაატარეს პარტიის გარეთ, მოულოდნელად, ისე, რომ პარტიის მენეჯმენტის ძირითადმა ნაწილმა, მათ შორის პარტიის თავმჯდომარემ ამის შესახებ არ იცოდა, ეგ უკვე კითხვის ნიშნების შემცველია. არჩევნებზე საუბარი დიდ ხანია იყო ამ პარტიაში, განსაკუთრებით თვენახევრის განმავლობაში და ამ არჩევნების ინიციატორი იყო ნიკა მელია. მას ჰქონდა სურვილი, რომ არჩევნები ჩატარებულიყო ყველა დონეზე. რადგან ეს საკითხი დგას, მთავარია ეს არჩევნები შედეგს ფართო ჩართულობით," - აცხადებს აკაკი მინაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე