რეზონანსი
(10.11.2022)

თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" ყოფილი წამყვანი ლაშა ნაკაიძე პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო და არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა 137-ე მუხლის, გაუპატიურების გაუქმების შესახებ.

სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა, რომელსაც ბრალდებულიც დაესწრო.

"შუამდგომლობა ჰქონდა საკმაოდ საფუძვლიანი, ვინაიდან, მე მანამდეც მოგახსენეთ, რომ მომეცა საშუალება გამომეყენებინა ეს შუამდგომლობა, ექსპერტიზის დასკვნამ მომცა ამის საშუალება, თუმცა საქმის სირთულის გამო, იმიტომ რომ მუხლია ასეთი, იმიტომ რომ ეს საკითხები არსებითზე წყდება, მხოლოდ ამიტომ ეთქვა უარი. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ არსებითი განხილვისთვის, აღნიშნული მუხლი აღმოიფხვრება, ვინაიდან, გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია," - აცხადებს ადვოკატი ლალი ბიბილეიშვილი.

პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ მან წარდგენილი დანაშაული ჩაიდინა.

"სასამართლომ დასაშვებად სცნო ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება, ასევე საქმე გადასცა არსებით განსახილველად, რაც იმას გულისხმობს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ალბათობის მაღალი ხარისხით წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც ადასტურებს რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით, სასამართლომ მოისმინა მხარეთა პოზიცია, გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და მიზანშეწონილად მიიჩნია ამ ეტაპზე, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დატოვა ძალაში," - აცხადებს პროკურორი გიორგი ნადირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე