რეზონანსი
(10.11.2022)

„ნაციონალური მოძრაობის" გადასაწყვეტია, გადააყენებენ თუ არა მელიას - ერთი რამ ცხადია, დაპირისპირება აქვთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს.

როგორც კალაძე განმარტავს, დიდი ხანია, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება მიმდინარეობს.

„ვერ გეტყვით {ვინ შეიძლება იყო თავმჯდომარის პოსტზე}. მათი გადასაწყვეტია, გადააყენებენ თუ არა მელიას, ვინ იქნება კანდიდატი. ერთი რამ ცხადია, დაპირისპირება აქვთ და არ დაწყებულა გუშინ, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს დაპირისპირება", - აღნიშნავს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ნაწილი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას ითხოვს. კერძოდ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიფინგი გუშინ გამართეს, სადაც მოითხოვეს, რომ პარტიის პოლიტსაბჭო და სამდივნო ხელახლა დაკომპლექტდეს და ასევე, აირჩეს პარტიის ახალი თავმჯდომარე.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელია. როგორც მან აღნიშნა, მზად იყო და მზად არის მონაწილეობა მიიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში. ამასთან, დასძენს, რომ არჩევნების საკითხზე პარტიაში იყო თანხმობა, მსჯელობის საგანი კი მხოლოდ ვადები და პროცედურული საკითხები იყო, „როდის და როგორც ჩატარდებოდა არჩევნები".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე