რეზონანსი
(10.11.2022)

ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ქალზე ძალადობის უმძიმეს ისტორიას ავრცელებს, რომელზეც მამინაცვალი გარყვნილ ქმედებას 3-4 წლიდან ახორციელებდა.

ძალადობის მსხვერპლი 25 წელი დედასთან, ძმასთან და მამინაცვალთან ერთად ცხოვრობდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მამინაცვალი გოგონაზე 3-4 წლიდან ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას. არჩევდა შესაფერის მომენტს, აშიშვლებდა გერს და შიშველ სხეულზე ეხებოდა.

ადრეული ბავშვობიდან, მოძალადე გოგონას არწმუნებდა, რომ ასეთი მოფერება ნორმალურია და ყველა ოჯახში ასე იქცეოდნენ. გოგონას არ ჰქონდა საჭირო ინფორმაცია რეპროდუქციულ და სქესობრივ უფლებებზე, ამიტომ მან თანაკლასელს ჰკითხა, მასაც ეფერებოდა თუ არა მამა სასქესო ორგანოზე. ნინოს, დღემდე ახსოვს თანაკლასელის გაოცებული სახე.

მოგვიანებით, მოძალადემ დაიწყო მუქარა, რომ თუ ვინმეს ეტყოდა მომხდარის შესახებ, მას და მის ძმას ბავშვთა სახლში ჩააბარებდნენ.

როდესაც დაზარალებული ფიქრობდა, რომ ვეღარ გაუძლებდა ამდენს, აბაზანაში აღმოაჩინა ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია თუ როგორ ათავსებდა მამინაცვალი მალულად ვიდეოკამერას და იწერდა გოგონას შხაპის მიღებას.

ძალადობის მსხვერპლი დაზარალებულად ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 144​[3] მუხლის მესამე ნაწილით. - „დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ".

სასამართლომ მამინაცვალი აბაზანაში ფარულად ვიდეოკამერის განთავსების გამო, დამნაშავედ ცნო პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოს მოპოვებაში, ხოლო რაც შეეხება ბავშვობიდან მოყოლებული გაშიშვლებას და გენიტალიებზე შეხებას, სასამართლოს განმარტებით, ვერ შეფასდება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად რადგან „ყოველგვარი უხეში ან ძალადობრივი მოპყრობა ვერ ჩაითვლება დამამცირებლად და არაადამიანურად. მოპყრობა დამამცირებელი ან არაადამიანურია, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანისადმი მოქცევის ზნეობრივ (მორალურ) წესებს".

გადაწყვეტილებაში სასამართლო აღნიშნავს:

„მართალია სასამართლოს დადგენილად მიაჩნია რომ მამინაცვლის მხრიდან ქალზე სისტემატურად შეხებას სხეულის სხვადასხვა ადგილზე (მათ შორის ინტიმურ ადგილებზე) ტუჩებში კოცნას, ნადვილად ჰქონდა ადგილი, თუმცა ეს ქმედებები თავისი შინაარსით შეიცავს სქესობრივი დანაშაულის ნიშნებს და არავითარი კავშირი არ აქვს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან."

გადაწყვეტილება ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ახლა საქმე უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე