რეზონანსი
(09.11.2022)

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გადაცემა "ღამის კურიერში" საარჩევნო ბარიერის დაწევის და პატარა პარტიებისთვის ბარიერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ წელს ბარიერის დაწევის საკითხი არ განიხილება.

"ბარიერთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საჯარო განცხადება გაკეთებული, რომ წელს ეს საკითხი არ განიხილება. გაისად, ანუ 2024 წელს ჩვენ დავუბრუნდებით ამ საკითხზე მსჯელობას. აქ მთავარი წინაპირობა არის ერთი - ეს არის რადიკალიზმის ხარისხის თვისობრივად შემცირება ჩვენს ქვეყანაში. თუ რადიკალიზმი იქნება ისევ მაღალ ხარისხში, რომელიც არის ოპოზიციის მთავარი ხაზი, თუ ეს რადიკალიზმი შემცირდება და თუ დავინახავთ საპირისპირო ტენდენციას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაიზრდება ჩვენი მოტივაცია, რომ დაბლა დავწიოთ ბარიერი. ეს არის ერთადერთი წინაპირობა ჩვენთვის და რატომ - აქ ჩვენ არ ამოვდივართ ჩვენი სუბიექტური ინტერესებიდან, ჩვენ გამოვდივართ ქვეყნის ინტერესებიდან, რაც უფრო დაბალია ბარიერი, მით უფრო მეტია რისკები არასტაბილურობისთვის.

1 პროცენტიანი ბარიერი გვქონდა წინა საპარლამენტო არჩევნებზე, 8 ოპოზიციურმა პარტიამ, პლიუს ბლოკმა გადალახა ეს ბარიერი, მაგრამ ამან არ დაიცვა სისტემა საბოტაჟისგან.

ჩვენ ვართ მონდომებული, ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ დავწიოთ ბარიერი, სწორედ ამ მიზეზის გამო, რომ არ ჩაიკეტოს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ორ პოლიტიკურ პარტიაში. ეს არის ერთი ინტერესი, ხოლო მეორე ინტერესი არის რომ სტაბილურობას არ შეექმნას სერიოზული საფრთხე, აქ უნდა დავაბალანსოთ ერთი და მეორე.

მეორეს მხრივ, ძალიან ბევრი მაგალითია, იგივე ისრაელი რომ ავიღოთ, ბულგარეთი და ა.შ, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში ვერ ხერხდება არჩევნებიდან არჩევნებამდე სტაბილური მთავრობის ფორმირება. უკვე მე-4 არჩევნები ტარდება ისრაელში, მე-3 არჩევნები ტარდება ბულგარეთში, ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც კი, როგორიც არის ნიდერლანდები, გერმანია და ა.შ, სერიოზული კრიზისი შეიქმნა ან კრიზისის პირას იყო ესა თუ ის ქვეყანა, სწორედ პროპორციული სისტემის და დაბალი ბარიერის პირობებში. თუ ჩვენ ქვეყანა ასეთ კრიზისში შევიყვანეთ, რისი რისკიც ძალიან მაღალია, როდესაც პოლარიზებულია გარემო, რა თქმა უნდა არაფრის ფასად ეს არ ღირს. ჩვენ ყველა ფაქტორი უნდა ავწონ-დავწონოთ, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, მომავალ წელს და 2024 წელს და ამის მიხედვით, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. 2 პარტიის შესვლა პარლამენტში, ეს არის დღევანელი მოცემულობა, დღეს რომ იყოს 5 პროცენტიანი ბარიერი მხოლოდ ჩვენ და "ნაცმოძრაობა" შევიდოდით პარლამენტში, რაც ცუდი მოცემულობაა," - აცხადებს კობახიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე