რეზონანსი
(09.11.2022)

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების საპილოტე პროგრამაზე ისაუბრა. მისი თქმით, დედაქალაქის სხვა და სხვა რაიონსა და უბნებში 10 ათასამდე ავარიული შენობა-ნაგებობაა და მათი ახლით ჩანაცვლება ძალიან მნიშვნელოვანია.

"გასულ კვირას გვქონდა შესაძლებლობა სამგორის რაიონში მივსულიყავით და ადგილზე გაგვეცნო პირველი საპილოტე პროექტი, რომელიც ხორციელდება. მიმდინარეობს არსებული, ავარიული შენობა-ნაგებობების სადემონტაჟო სამუშაოები. ოჯახები, ცხადია უზრუნველყოფილი არიან ქირით, გაყვანილები არიან დროებით. როგორც კი დასრულდება დემონტაჟი, უკვე დაიწყება ახალი საცხოვრებელი კორპუსის აშენება და ამ ოჯახებს 2 წლის განმავლობაში ჩაბარდებათ სრულიად ახალი, მოწესრიგებული და გარემონტებული ფართები. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროგრამა, რადგან სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ დედაქალაქში გვაქვს ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობა, რომელსაც სხვა და სხვა ავარიულობის კატეგორიები აქვს მინიჭებული. მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას კონკრეტული პროგრამა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია მომდევნო წლების განმავლობაშიც მოხდეს ამ შენობა- ნაგებობების ჩანაცვლება. იმიტომ, რომ ერთი და ორი წელი ამ პრობლემის მოგვარებას ცხადია არ ეყოფა, შეიძლება ხვალ-ზეგ, მომდევნო წლების განმავლობაში არ ვიყოთ დედაქალაქის მთავრობაში, მაგრამ ვინც იქნება, მათაც ექნებათ საშუალება იხელმძღვანელონ აღნიშნული პროგრამით და განახორციელონ ავარიული კორპუსების ჩანაცვლება. დაახლოებით 10 ათასამდე ასეთი შენობა-ნაგებობაა დედაქალაქის სხვა და სხვა რაიონში, უბნებში, მისი პროექტის სახით განხორციელება არის მნიშვნელოვანი", - აღნიშნა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე