რეზონანსი
(04.11.2022)

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი-მეტი თავისუფლება" და „დროა" პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებად ასაღებენ თავს, რაც რეალობისგან მოწყვეტილია.

მისივე თქმით, არ შეიძლება, პროდასავლური ძალა დაკავშირებული იყოს დესტაბილიზაციასთან და ქვეყნის რყევასთან.

„სამეულმა ჩათვალა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" თავის სიმაღლეზე არ დგას. რეალურად, რესურსი არ აქვთ. მათი განვითარების პერსპექტივას წარსულის დანაშაულებები და ცოდვები ამძიმებს. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტეს, სამნი გაერთიანდნენ. პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებად ასაღებენ თავს, რაც რეალობისგან ძალიან მოწყვეტილია. არ შეიძლება, პროდასავლური ძალა დაკავშირებული იყოს დესტაბილიზაციასთან, ქვეყნის რყევასთან. ეს არ არის დასავლური გზა. დასავლური გზაა კამათი გარკვეულ თემაზე, რომელიც ეხება ადამიანების კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. აბსოლუტურად მოცილებული არიან ყველა ინტელექტუალურ თემას და გადასული არიან სპეკულაციაზე, რომელიც რეალურად, არც პროდასავლურია, არც პროქართული და ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, საქართველოს პირველ არხთან საუბრისას, გია ვოლსკიმ შეაფასა „გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, სადაც ჯაფარიძე ამბობს, რომ პოლარიზაციის შემცირება ზღაპარია და ილუზიებში ცხოვრებას არ აპირებს.

„ჯაფარიძეს და საერთოდ ამ ჯგუფს უნდა, თავი წარმოაჩინონ რევოლუციონერებად. პირადად ჯაფარიძემ რევოლუციურ პროცესში შარვლების ჩახდის პერფორმანსის გარდა, ჯერჯერობით ვერაფერი მოიფიქრა", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე