რეზონანსი
(03.11.2022)

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქე, რომელიც ტყვეობიდან უკვე თავისუფალია, ყვება თუ როგორ დააკავეს ის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა.

"პირველ ნოემბერს სოფლის მოშორებით, სალოცავის ზემოთ ვიყავით ხევში სალოცავზე 3 ადამიანი ჩასული. მოგვეპარა თავისი ძაღლებით, ვერც დავინახეთ მანამდე. ხელები ავუწიეთ, შემდეგ წაგვიყვანეს და დაგვკითხეს. ორივე კარგად გრძნობს თავს," - აცხადებს არასრულწლოვანი.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბერს, სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე