რეზონანსი
(03.11.2022)

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, რჩება ჩვენი ხელისუფლების ნომერ პირველ ამოცანად. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დათქმულ ვადებში, ჩვენ გეგმის მიხედვით რეკომენდაციებს შევასრულებთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს განიხილავს პარტნიორად.

„ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის ლიდერებისგან ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები. მაგალითად გავიხსენებ გერმანიის კანცლერის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ ევროკავშირის გაფართოება არის აუცილებელი, საჭირო და გარდაუვალი და მან პირდაპირ ახსენა საქართველო, რაც რა თქმა უნდა ემთხვევა ზუსტად ემთხვევა იმ განცხადებებს, რაც ჩვენ მანამდე გავაკეთეთ.

რა თქმა უნდა, ევროკავშირი საქართველოს განიხილავს პარტნიორად და რა თქმა უნდ, ევროკავშირს კარგად ესმის ის აუცილებლობა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირდება. საქართველოს აქვს ისტორიული, ევროპული გამოცდილება, კულტურაც, შეიძლება ითქვას დემოკრატიაც და ამ ფაქტორებს უკვე ემატება ეკონომიკა და ენერგოუსაფრთხოება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია დემოკრატიასთან ერთად იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. სწორედ ეს არის საქმე რასაც აკეთებს ხელისუფლება. რადიკალურ ოპოზიციას აქვს თავის დღის წესრიგი, მაგრამ ჩვენ ბოლომდე დრო და ენერგია არ უნდა დავხარჯოთ მათ განცხადებებზე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე და ვიმუშაოთ საზოგადოებასთან ერთად, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს და საბოლოოდ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე