რეზონანსი
(03.11.2022)

ნიკა გვარამიამ იცოდა, რომ ტელეკომპანია ძალიან მალე უნდა გადაეცა კანონიერი მფლობელისთვის და ტელევიზიის ძარცვა დაიწყეს გადაცემამდე, ეს ტელეკომპანია შვიდი მლნ ლარით გაძარცვეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გვარამიას საქმეზე თუ ვინმეს კითხვები აქვს, შესაბამის ინსტანციებს მიმართოს.

„არ შეგვიძლია, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩავერიოთ. შეფასებას გავაკეთებ, როგორც იურისტი - გვარამიამ იცოდა, რომ საკუთარი ტელეკომპანია ძალიან მალე უნდა გადაეცა კანონიერი მფლობელისთვის, ასევე იცოდა, რომ ამ გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლო მიიღებდა. ეს წინასწარ იცოდა, რატომ? იმიტომ, რომ თავის დროზე ყაჩაღურად მიითვისეს „რუსთავი 2". ამ ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ ტელევიზია მფლობელისთვის უნდა გადაეცათ და ტელევიზიის ძარცვა დაიწყეს გადაცემამდე. ტელეკომპანია შვიდი მლნ ლარით გაძარცვეს. ეს სასამართლომ დაადგინა და თუ ვინმეს კითხვები აქვს, შესაბამის ინსტანციებს მიმართოს. თუმცა, ფაქტი სახეზეა. შვიდი მილიონით გაძარცვეს ტელევიზია, რომელიც კანონიერი მფლობელისთვის უნდა დაებრუნებინათ სტრასბურგის მოსალოდნელი გადაწყვეტილებით. ყველაფერი ხელის გულზეა და ყველაფერი ნათელია. ოპოზიცია სპეკულაციებს აქაც ახერხებს", - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე