რეზონანსი
(02.11.2022)

იმდენად არასწორად გავიგეთ დეოლიგარქიზაციის მნიშვნელობა, რომ ევროპელები გვეუბნებიან - კარგით, გაჩერდით, ეგრე შესრულება არ გვინდაო, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„დეოლიგარქიზაციის კანონს მხარს არ ვუჭერ, რადგან ჩვენ ეს არ გვჭირდება. ჩვენ დეოლიგარქიზაცია როცა გვითხრეს, მისი შინაარსი გავიგეთ არასწორად. ჩვენ გვითხრეს, შერიგდით, ერთმანეთს დაელაპარაკეთ და დაძლიეთ ერთპიროვნული მმართველობაო. ოპოზიციამ ეს გაიგო ისე, რომ უნდა შემოიტანოს კანონპროექტი, რითაც აკრძალავენ ბიძინა ივანიშვილს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ" შემოიტანა კანონპროექტი, რითაც აკრძალავენ ყველა დანარჩენს, გარდა ბიძინა ივანიშვილისა. ეს იმდენად არასწორი გაგებაა, ევროპელები გვეუბნებიან - კარგით, გაჩერდით, ეგრე შესრულება არ გვინდაო. ხელისუფლება მაინც ჯიუტად ამბობს, შევასრულებო და ოპოზიციაში არის ხალხი, ვინც ამას მხარს უჭერს", - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებული კანონპროექტის განსახილველად ემზადება. პროექტი შემუშავებულია უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინული კანონმდებლობის ნორმებს. განსხვავება მხოლოდ სათაურსა და ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილებაშია. კანონპროექტით ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ, რეესტრთან დაკავშირებულ, მისი შექმნისა და წარმოების წესებს კი პარლამენტი დაამტკიცებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე