რეზონანსი
(02.11.2022)

როცა სასამართლოს მიმართ არის კრიტიკა, მკაფიოობას ვისურვებდი - რატომ არის ცუდი, ესეც უნდა დააყოლო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მდინარაძე მიიჩნევს, რომ კონკრეტული არგუმენტი კრიტიკისთვის აშშ-ის საელჩოს არ ჰქონდა.

„მე ვისურვებდი მკაფიოობას. როცა სასამართლოს აკრიტიკებ, ასეთი ზოგადი ფრაზებით გაკრიტიკება ბუნდოვანებას იწვევს, როგორც მინიმუმ. როცა ამბობ რაღაცაზე, რომ ცუდია, რატომ არის ცუდი, ესეც უნდა დააყოლო, უნდა თქვა, რომ ვთქვათ, სამართლებრივად გაუმართავია, ან უკანონობა დაინახეს, ან რაღაც მსგავსი მოხდა. როცა ზოგადად აკრიტიკებ, ეს სასამართლოს ურტყამს და ძალიან ცუდია ჩემი აზრით. ვეჭვობ, რომ კონკრეტული არგუმენტი იმ ძალიან კარგად განსწავლულ ადამიანებს, ვინც ეს განცხადება გააკეთეს, არ ჰქონდათ და ამიტომ მოუწიათ ასეთი ზოგადი განცხადების გაკეთება. კიდევ ერთი რამ მენიშნა, საუბარი იყო არა იმაზე, რომ ობიექტური მედიის დირექტორია დაკავებული, არამედ მთავარი ოპოზიციურის, ანუ საუბარია პარტიულ მედიაზე. მე საელჩოს სხვა განცხადება ასეთი არ მახსენდება ანუ კრიტიკის პარალელურად, ვნახეთ აღიარება, რომ ეს პარტიული მედიაა, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით. ეს მისასალმებელია", - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ევროპული არჩევანის რისკის ქვეშ დაყენებას, რაზეც აშშ- ის საელჩო საუბრობს, მდინარაძემ დასძინა: „თუ ობიექტურად იმაზე ვმსჯელობთ, რომ არ არის ეს კრიტიკა ობიექტური, მაშინ როგორ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ საფრთხე შეექმნება ევროინტეგრაციას?".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე