რეზონანსი
(02.11.2022)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრემლი ტყუის, როცა ომის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე საუბრობს. ამის შესახებ განცხადება მან ახალ ინტერვიუში გააკეთა.

"ეს ტყუილია, ისინი იტყუებიან, რომ დიპლომატიური გზით სურთ ომის დასრულება, ეს ტყუილია - გუშინ თქვეს, "ჩვენ მზად ვართ, უკრაინა არ არის მზად" და დღეს 54 რაკეტით დაგვესხნენ თავს. ავად არიან? ვერ ვხვდები, რაზე საუბრობენ. როგორ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, თუ ნახევარ დღეში 54 რაკეტით გვესხმიან თავს?", - თქვა მან.

ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა კრემლის ქმედებები სხვაზე მეტყველებს. 24 თებერვლის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ მოითხოვა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა და გამოთქვა მზადყოფნა, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს პირისპირ, მარტო შეხვედროდა.

4 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა, რითაც უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. 11 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის არ აპირებს დიალოგს რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.

23 ოქტომბერს ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სხვა შემთხვევაში მოლაპარაკებები არ გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე