რეზონანსი
(02.11.2022)

მეტრო "გოცირიძის" კონტრაქტორმა შესაძლოა მერიას უჩივლოს, მიზეზი კომპანია „მამისონის" 600 000 ლარით დაჯარიმება არის.

როგორც თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე აცხადებს, ამ კომპანიამ სამუშაოების შესრულება 4-5 თვით დააგვიანა, რაც ძალიან დიდი დარღვევაა. გარდა ამისა, დღესვე, თბილისის მერმა, "მამისონს" და სხვა ბევრ სამშენებლო კომპანიას, უპასუხისმგებლო უწოდა, დაგვიანებულად განხორციელებული პროექტების გამო.

კომპანია "მამისონის" მეწილე ნიკოლოზ ჭკადუა bm.ge-თან საუბარში აცხადებს, რომ კომპანიამ სამუშაოების გახანგრძლივება მხოლოდ 60 დღით ითხოვა, რის გამოც დაჯარიმდა. მისი თქმით, მეტროსადგურ "გოცირიძის" სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადების გახანგრძლივება მათგან დამოუკიდებელ მიზეზებს უკავშირდებოდა.

"ჩვენს კომპანიას მოუხდა დაახლოებით 60 დღით აღნიშნული პროექტის ვადის გაგრძელება. ჩვენ ვართ ჩვეულებრივი სამშენებლო კომპანია, კომპანიას არ ძალუძს ისეთი ბიუროკრატიული საკითხების გადაწყვეტა, როგორებიცაა სანებართვო პირობები, ექსპერტიზა და ა.შ. ეკონომიკის სამინისტროსთან კონკრეტული პროცედურების გავლა სამჯერ მოგვიწია, რამაც გამოიწვია ვადების დარღვევა", - აცხადებს კომპანია "მამისონის" მეწილე, ნიკოლოს ჭკადუა.

ის არ გამორიცხავს, რომ გამოწერილი ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივროს. ჭკადუას თქმით, კომპანია 2 თვეში 600 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას არ ეთანხმება.

"ძალიან დიდი ოდენობის ჯარიმაა 2 თვის დაგვიანებაზე გამოწერილი, რაც გაურკვეველია. ალბათ ჩვენ წარვდგებით სასამართლოში სარჩელით. ეს ჯარიმა ჩვენთვისაც მოულოდნელია, რასაც არ ვეთანხმებით, იმიტომ რომ ცხადია, ვადების დარღვევაში მხოლოდ ჩვენი ბრალეულობა არ იყო. ნებისმიერ პროექტს ახლავს პრობლემები, განსაკუთრებით კი მეტროსადგურებს", - ამბობს კომპანია "მამისონის" მეწილე.

ცნობისთვის, მეტროსადგური "გოცირიძის" რეაბილიტაცია 2021 წლის თებერვალში დაიწყო, მეტროსადგური მხოლოდ 3 თვით უნდა გაჩერებულიყო, თუმცა კონტრაქტორმა ვერ შეძლო სამუშაოების დროულად დასრულება და მასთან ხელშეკრულებას შეწყდა.

მეტრო "გოცირიძის" სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადებში ვერც მეორე კონტრაქტორმა კომპანია "მამისონმა" დაასრულა. ახალ კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმებამ სამუშაოები თბილისის ბიუჯეტს გაუძვირა, 3,7 მლნ-ს ნაცვლად სადგურის რეაბილიტაცია 4.7 მლნ ლარი ჯდება.

შპს "მამისონს", რომელიც დღეს გოცირიძის მეტროსადგურის რეაბილიტაციაზეა პასუხისმგებელი ადგილზე სამუშაოები 7 თვეში უნდა დაესრულებინა, კომპანიასთან გამარტრივებული შესყიდვის გავლით ხელშეკრულება 2021 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე