რეზონანსი
(02.11.2022)

მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება მათი სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება. 

„მათი აგრესიული პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების ხელოვნურად გაღვივებასაც უწყობს ხელს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

გვპირდებიან, რომ მიგვიღებენ „ტრადიციებით ევროპაში“, თუმცა, ე.წ. ლიბერალები იმავდროულად პირდაპირ და უხეშად ებრძვიან ჩვენს ტრადიციებს და ყველა ინსტიტუტს, რომელიც ამ ტრადიციებს გამოხატავს. ე.წ. ლიბერალების ერთ-ერთი მთავარი თავდასხმის ობიექტი სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელიც მათ, როგორც ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების სადარაჯოზე მყოფი ძლიერი ინსტიტუტი, საკუთარი აგრესიული იდეოლოგიის ბუნებრივ ოპონენტად ესახებათ და შესაბამისად, სხვადასხვა მეთოდითა და ფორმით, მას აქტიურად ებრძვიან.

ქართველი ხალხის სურვილი და მიზანი სწორედ ტრადიციებით და არა ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების დათმობის თუ დაგმობის ხარჯზე ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაა. შესაბამისად, ყველა, ვინც ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ღირებულებებს მტრობს, ქართველი ხალხის ამ სურვილსა და ამოცანას პირდაპირ და უხეშად უპირისპირდება. აქედან გამომდინარე, ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება ჩვენი სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე