რეზონანსი
(01.11.2022)

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი" მზად არის პარლამენტის დატოვებისთვის.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, პარტიაში აღნიშნულ სცენარს განიხილავენ, რადგან მისივე თქმით, „აუტანელია ერთ გარემოში პრორუსებთან ყოფნა".

„ჩემი მოსაზრებაა, რომ ჩვენ შინაგანად და ყველანაირად მზად ვართ, პარლამენტი დავტოვოთ. ამ სცენარს ჩვენ განვიხილავთ. ჩემთვის აუტანელია ერთ გარემოში ყოფნა ამ პრორუსებთან. მხოლოდ იქ ვიქნები, სადაც ვხედავ 12 პუნქტთან დაკავშირებულ რაიმე საკითხს. საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩემი ხმა სჭირდებოდა, შევედი და ხმა მივეცი. არ ვაპირებ ჩვეულებრივად რაღაც ყოველდღიურ რეჟიმში კობახიძეებთან და სხვებთან, პრორუსებთან მუშაობას. ღიად ვამბობ. ეს არის ჩვენი ხაზი და ამ ხაზს მივყვებით. რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი" მზად ვართ, პარლამენტის დატოვებისთვის. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ის, როდის უნდა მოხდეს ეს და მესამე, ამისთვის აუცილებელია ჩვენს დასავლელ პარტნიორებში სიტუაციის შემზადება. მათ კარგად უნდა ავუხსნათ წინასწარ, რა ხდება, მაგრამ მთავარია, რომ ეს არ იყოს ნაადრევი და ნაჩქარევი, თუმცა ეს მოხდება. როდესაც ის მოცემულობა დადგება, როცა საზოგადოებაც შეთანხმდება იმაში, რომ „ქართული ოცნებიდან" არაფერი აღარ გამოვა, რომ ის არის პრორუსული ძალა, რომ კანდიდატის სტატუსი მათთან ერთად არ იქნება. ეს მოცემულობა რომ შედგება, შემდგომ ჩვენი ნაბიჯიც ამის პარალელურად იქნება. დაელოდეთ, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გეგმაში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე