რეზონანსი
(01.11.2022)

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარში ხაზი გაუსვა მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების გაგრძელების აუცილებლობას.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თუ მარცვლეულის კრიზისი კონსტრუქციულად მოგვარდება, ის ასევე წაახალისებს ნაბიჯების გადადგმას მოლაპარაკებების დასაბრუნებლად", - აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

მანამდე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან არ გადის და მას მხოლოდ დროებით აჩერებს.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამ ოპერაციაში მონაწილეობას ვწყვეტთ. არა, ჩვენ ვამბობთ, რომ მას ვაჩერებთ. უკრაინამ უნდა გასცეს გარანტია, რომ სამოქალაქო გემებისა და რუსეთის მომარაგების გემებისთვის საფრთხეები არ შეიქმნება", - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის შეწყვეტა მყისიერ და საზიანო გავლენას ახდენს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე