რეზონანსი
(25.10.2022)

ხელისუფლების წევრებს არ უნდოდათ, რომ სალომე ზურაბიშვილს ჰქონოდა რაიმე სერიოზული გავლენა საგარეო პოლიტიკაზე, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობების ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „რეზიუმეში" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ სალომე ზურაბიშვილს ინფორმაცია არ ჰქონდა.

თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, შეიძლებოდა ცერემონიული პროტოკოლური შეხვედრა გამართულიყო საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი „დემონსტრაციულად დააკნინეს".

„ეს არ ხდება პირველად და არ ხდება უკანასკნელად. ზოგადად, როგორც ვიცი ამ მხრივ თავიდანვე იყო სერიოზული უთანხმოება „ოცნების" ხელისუფლებასა და ქალბატონ პრეზიდენტს შორის, რადგან სალომე ზურაბიშვილს უნდოდა მეტი გავლენის ქონა საგარეო პოლიტიკაზე, ხოლო მათ არ უნდოდათ, რომ მას ჰქონოდა რაიმე სერიოზული გავლენა საგარეო პოლიტიკაზე. ეს ვიზიტი ცხადია იყო სერიოზული, ეს არ იყო ცერემონიული ვიზიტი და მიტომაც არ გააკარეს.

ცერემონიული პროტოკოლური შეხვედრა შეიძლებოდა, მაგრამ დემონსტრაციულად დააკნინეს. თუ ეს უკავშირდებოდა მართლაც სერიოზულ გეოპოლიტიკურ საკითხებს, იფიქრეს, რომ ჯობია არ დაესწროსო.

ფაქტია, რომ არ უნდათ ის ჩაახედონ სერიოზულად საგარეო პოლიტიკის საკითხებში, სერიოზულ რაღაცებში, ცერემონიულში კი ბატონო, რაზეა საუბარი. ზოგადად ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ მას მარტივი ხასიათი ნამდვილად არ აქვს, ასე რომ შეიძლება რაღაც მომენტში გავამართლოთ „ოცნების" საქციელი, თუმცა, რა თქმა უნდა, არ არის ლამაზი", - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე