რეზონანსი
(25.10.2022)

უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის შესახებ საერთაშორისო ექსპერტთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსულმა რაკეტებმა და ირანში წარმოებულმა დრონებმა უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მესამედზე მეტი გაანადგურეს.

„რუსეთი ყველაფერს ანადგურებს, რომ ზამთრის გადატანა გაგვიჭირდეს, რათა უკრაინელებმა აღდგენა რაც შეიძლება დიდხანს ვერ მოახერხონ, რათა თქვენ დიდხანს ვერ შეძლოთ უკრაინის ეკონომიკური პოტენციალისა და პან-ევროპული პოტენციალის ინტეგრირება. რაკეტებმა და ირანულმა საბრძოლო დრონებმა ენერგეტიკული სექტორის მესამედზე მეტი გაანადგურეს. და ეს ზამთრის წინ! ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ ამის წინააღმდეგ", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის სწრაფი აღდგენის გეგმის წონა 17 მილიარდი დოლარია.

„ეს არის საავადმყოფოები, სკოლები, სასიცოცხლო მნიშვნელობის ტრანსპორტი და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. ძალიან გვჭირდება საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის აღდგენა იქ, სადაც რუსული ტანკები და არტილერია ანადგურებდნენ ქალაქებს. აუცილებელია ადამიანებს სიცოცხლისთვის ახალი საფუძველი უკვე ახლა მივცეთ. მაგრამ შეგვიძლია ამის მიცემა? ჩვენ ჯერ ერთი ცენტიც არ მიგვიღია [უკრაინის] სწრაფი აღდგენის განსახორციელებლად! მოგიწოდებთ, დააჩქაროთ საჭირო გადაწყვეტილებები", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე